ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი და წამყვანი, თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის.
ამასთან, თეონა რადიო “ფორტუნას” გადაცემა “რეალური დროს” წამყვანიცაა.
ჟურნალისტს კორონავირუსი გადაცემამდე რამდენიმე საათით ადრე დაუდასტურდა.
ამჯერად კი, თავისივე გადაცემაში ის სტუმრის ამპლუაში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებული პალატიდან ჩაერთო.
თეონა აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად გაუმჯობესდა, თავს უკეთესად გრძნობს, არც სიცხე აქვს და ჟანგბადიც ნაკლებად სჭირდება.
ექიმები კი ამბობენ, რომ თეონას შემთხვევა მსუბუქ შემთხვევად ითვლება და თუ ასე გაგრძელდა კლინიკას დატოვებს და კარანტინში გადავა.
თეონა ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად გაუმჯობესებული მდგომარეობისა, კორონავირუსმა ყნოსვის და გემოს შეგრძნებები გაუქრო.
მას ერთ-ერთმა პაციენტმა უთხრა ისიც, რომ მაისის შემდეგ გემოს შეგრძნება აღარ დაბრუნებია.
„ლიმონი მქონდა და პერიოდულად ვამოწმებდი გემოს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი გემოს და ყნოსვის შეგრძნება არ მაქვს. როგორც ჩანს, ვირუსმა რეცეპტორები სერიოზულად დააზიანა,“-უყვება „ფორტუნას“ თეონა.
ინფიცირებული ჟურნალისტი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
თეონა აღნიშნავს, რომ დაავადების მიმდინარეობა მძიმდება მაშინ, როდესაც პაციენტი იგვიანებს.
მისი აზრით, კორონავირუსი იმით არის გამორჩეული, რომ ადამიანს ურტყამს იქ, სადაც მისი სუსტი წერტილია. ჟურნალისტისთვის სუსტი წერტილი კი, წელი აღმოჩნდა.
„დამაგდო, ვერ დავდიოდი ისეთი ტკივილები მქონდა, იქ გირტყამს, სადაც ორგანიზმს აქვს პრობლემა. ამიტომ არის ასეთი საშიში ქრონიკული დაავადების მქონე პირთათვის,“-აღნიშნავს თეონა ცხომელიძე.