LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ცხომელიძე: „ჟურნალისტიკას 20 წელი მივუძღვენი, მაგრამ დღეს ამ პროფესიით ჩემს ადგილს ვერსად ვხედავ… უკან რომ მოვიხედე, დავინახე, რომ ძალიან ბევრ სტრესულ მდგომარეობაში ჩამიგდია თავი…“

572
თეონა ცხომელიძე

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ განვლილ ცხოვრებას აჯამებს და სირთულეებზე საუბრობს როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში.

– გქონიათ განცდა, რომ კონკრეტულ საქმეში ძალიან ბევრი ჩადეთ, მაგრამ ყველაფერი „წყალში ჩაიყარა“?

– ჟურნალისტიკაზე მაქვს ეგ შეგრძნება. როგორც ჟურნალისტს, ახლა არ მაქვს სამსახური,. ჟურნალისტიკას 20 წელი მივუძღვენი, მაგრამ დღეს ამ პროფესიით ჩემს ადგილს ვერსად ვხედავ და ფაქტობრივად, ვერ ვმუშაობ. კარგი ისაა, რომ განათლებით ჟურნალისტი არ ვარ, მათ შორის მაგისტრის ხარისხიც სხვა პროფესიაში მაქვს, რაც ძალიან მეხმარება, რომ სხვა საქმით დავკავდე. ის, რომ აქტიური ჟურნალისტი არ ვარ, ჩემი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს იძულებითი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროდ, დღეს ვერცერთ მედიაში ვერ ვხედავ ჩემს თავს. რომ არსებობდეს ისეთი მედია, სადაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იქნება ჟურნალისტიკის კეთება, რა თქმა უნდა, დავუბრუნდებოდი ამ საქმეს. ჯერჯერობით ასეთს ვერ ვხედავ. ამიტომ, არჩევანი არ მქონდა, მაშინ ის არ უნდა მეკეთებინა, რასაც ჟურნალისტიკა ჰქვია. ცუდ ჟურნალისტიკასა და მასზე საერთოდ უარის თქმას შორის მქონდა არჩევანი და მეორე ავირჩიე.

– ცხოვრებისეული სირთულეები თუ ახდენს გავლენას თქვენს კარიერაზე და რამდენად ახდენთ დისტანცირებას?

– როგორც ვაკვირდები, არ ახდენს, რადგან ამას ვერასდროს ხვდებიან გარედან. შარშან ძალიან მძიმე წელი მქონდა, მაგრამ ფაქტობრივად, არავისთვის ყოფილა შესამჩნევი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან დრამატული ხდებოდა. რაც მძიმეა, ჩემთან რჩება, პროფესია მაინც ცალკეა.

– დედა შარშან გარდაგეცვალათ?

– კი, ცუდი ამბები მიეწყო. დედა მძიმედ იყო ავად, სიმსივნეს ებრძოდა და ერთი წელი, ფაქტობრივად, კლინიკაში ვიცხოვრეთ. ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ ეს არ ასახულა ჩემს საქმიანობაზე.

ახლა, როგორც ჟურნალისტი, ტელევიზიაში არ ვმუშაობ, მაგრამ მაქვს ჩემი ტელეგრამარხი და ჟურნალისტურ საქმიანობას დამოუკიდებლად ვეწევი. უბრალოდ, ეს ანაზღაურებადი არ არის და ამიტომაც ვამბობ, რომ არსად ვმუშაობ, თუმცა, აქტიური ვარ და იმიტომ ვამბობ, არ შემტყობია-მეთქი, რომ არავის უკითხავს, რამე ცუდი ხომ არ ხდებაო.

– რამდენად ხართ ის ადამიანი, ვინც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება?

– არ ვიყავი ასეთი. უკან რომ მოვიხედე, დავინახე, რომ ძალიან ბევრ სტრესულ მდგომარეობაში ჩამიგდია თავი. ხშირად გამირისკავს კიდევ ჯანმრთელობით და სიცოცხლითაც კი. მაგალითად, როცა აქციებია, კატასტროფები ხდება, იქ როგორც ჟურნალისტს ჩემი უსაფრთხოება არასდროს დამიყენებია წინა პლანზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კარგი კადრი მქონოდა. საბედნიეროდ, დიდად არასდროს დავზარალებულვარ, თუმცა, სამწუხაროდ, ამაზე მე არასდროს არ მიზრუნია. უბრალოდ, რასაც ვაკეთებ, მინდა, კარგად გავაკეთო და ამიტომაც გამოვიდა ასე. ეს გმირობა არ არის, ჩვევაა. ძალიან ცოტა ჟურნალისტი მეგულება, რომელიც კარგ კადრს დაინახავს და უსაფრთხოებაზე ფიქრის გამო შეჩერდება. ცუდია, მაგრამ ჩვენი პროფესია ასეთია.

ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ისაა, რომ ვვარჯიშობ თითქმის ყოველდრიურ რეჟიმში და მგონია, რომ ამით ძალიან კარგ საქმეს ვუკეთებ ჩემს ჯანმრთელობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g