მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ონკოლოგიური დავადების მქონე ადამიანების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდის შექმნაზე ფიქრი შვიდი წლის წინ, დედის დიაგნოზის გაგების შემდეგ დაიწყო, როცა მიხვდა, რა კოლოსალურ ფინანსებთან იყო დაკავშირებული მისი მკურნალობა. ნინი ამ თემაზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.
– ადრეულ ასაკში მოგიწია საკმაოდ რთულ პრობლემასთან შეჭიდება, რასაც დედის ჯანმრთელობა ჰქვია და ხათუნასთან ერთად საკმაოდ რთული გზაც გაიარე. იმ პერიოდმა, რას მიგახვედრა, რა შეცვალა შენს ცნობიერებაში?
– სულ ვამბობ, რომ ეს დაავადება ჩვენს ოჯახში, ყველასთან რაღაც მიზეზით მოვიდა. ზოგს რა გვასწავლა და ზოგს – რა. მე, პირადად, დიდი გამოცდილება მივიღე. დამოუკიდებელი ადამიანი ისედაც ვიყავი, თუმცა იმ პერიოდში და მას მერე უფრო დამოუკიდებელი გავხდი. ძალიან დიდი ფილტრაცია მოხდა, ძალიან ახლო ადამიანების, რომლებმაც სწორედ იმ რთულ პერიოდში დამანახვეს მათი ნამდვილი და რეალური სახე. მივხვდი, დედაჩემის პატრონი ვიყავი მე. გავხდი მეტად მიმნდობი და უფრო ღრმად შევედი რწმენაში. უფალმა ისეთი სასწაულები მაჩვენა ხათუნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დაუშვებელი იქნებოდა, ღმერთთან უფრო ახლოს არ მივსულიყავი. ეს ყველაფერი, რაც მოხდა, ხათუნას გადარჩენას ვგულისხმობ, ნამდვილად ღვთის სასწაულია, რადგან იყო ონკოპაციენტი, რომელზეც საკმაოდ უიმედოდ იყო განწყობილი ყველა ონკოლოგი და არა მარტო ქართველი.
– როდის მიხვდი, რომ ძალიან ძლიერი გოგო ხარ?
– ზოგადად, სულ ვამბობდი არ ვარ ძლიერი, სუსტი ვარ-მეთქი. მაშინ რომ არ მოვკვდი, როცა ხათუნას დიაგნოზი მითხრეს, იქ მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი ვარ. ხომ არის ნათქვამი, რაც არ კლავს, აძლიერებსო და მეც ასე დამემართა. ამან გამხადა ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ადრე ვიყავი. მეშვიდე წელი დაიწყო და ეს შვიდი წელი ჩემთვის საკმაოდ დიდი ტრანსფორმაციის პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. უკვირთ, როცა ვამბობ, ღმერთს მადლობა, რომ ეს დაავადება მოვიდა ჩვენთან-მეთქი. მაგრამ, რეალურად, ამ დაავადების წყალობით, თითოეული ჩვენგანი გაცილებით უკეთესი გახდა, ვიდრე ადრე ვიყავით.
– ძალიან რთული გზა გაიარე და ამას თან ახლდა ბულინგი, ჭორები, ნეგატივი თქვენი ოჯახის მიმართ. ამ ყველაფერს როგორ უმკლავდები და ზოგადად, მსგავსი ნეგატიური განწყობა, თუ მოქმედებს შენზე?
– ბევრი წელია, ბულინგი ჩემზე აღარ მოქმედებს. ამას მაშინ მივხვდი, როცა ერთ-ერთი გადაცემის მერე რამდენიმე კომენტარს გადავავლე თვალი. ბულინგი ჩემთვის შექების ტოლფასია. ყველა იმ ადამიანის რჩევას ვითვალისწინებ, ვინც კომპეტენტურია, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე არ მაქვს „ფეისბუქი“, ამით ჩემს თავს ვიცავ და შესაბამისად, იქ რა სიბინძურეც ხდება, კერძოდ, ადამიანები ერთმანეთს ისეთ რაღაცებს უწერენ და უსურვებენ, რომ არ წაიკითხება. ამაზე მეტი გულსატკენი რა უნდა იყოს, ქართველი ქართველს სიკვდილს რომ უსურვებს? მსგავსი ადამიანებისგან რა უნდა გეწყინოს?! „ინსტაგრამზე“ ვარ, თუმცა, იქაც ფილტრაციას ვახდენ და არ მომდის აგრესიული ტიპის ესემესები. თუ რაიმე გაიპარა, ასეთ ადამიანებს მომენტალურად ვბლოკავ. ადამიანები ვართ და როცა მსგავს უმსგავსობას კითხულობ, გული როგორ არ გეტკინება? ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ კბილები იმიტომ მოგვცა ღმერთმა, ზოგჯერ უნდა დავაჭიროთ ენას და ყველაფრის თქმის უფლება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს. სამწუხაროდ, ეს ზღვარი არ არსებობს. სხვათა შორის, ძალიან ემოციური ვიყავი, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ემოციის მართვა ვისწავლე. ჩემი ემოციები გადადებული მაქვს უკან და ყველაფერს ძალიან ცივი გონებით ვუყურებ.
