LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანიკო ხაზარაძე: „ნამდვილად ბედნიერი ქალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაში დიდად არ გამიმართლა… მარტო სიყვარული არ არის მთავარი, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს…“

379
ნანიკო ხაზარაძე

ნანიკო ხაზარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ პირადი ცხოვრებისა და ერთადერთი ქალიშვილის შესახებ საუბრობს.

– ერთი გოგონა გყავს და აღნაგობით ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს. როგორი დედა ხარ – მკაცრი, ლმობიერი, დამთმობი თუ მეგობრული?

– 23 წლის არის ჩემი გოგო და მისთვის ყველანაირი დედა ვარ – მკაცრიც, ლმობიერიც და მეგობრულიც. ხანდახან – სასტიკიც (იცინის). ახლა რომ ვფიქრობ, ნამდვილად ბედნიერი ქალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაში დიდად არ გამიმართლა. თუმცა, ვერ ვიტყვი, როგორც ქალი არ ვარ ბედნიერი-მეთქი, რადგან მიყვარდა ჩემი ქმარი და მისგან შვილი მყავს. მოკლედ, არცერთ კაცთან დიდხანს არ გაგრძელდა ჩემი ურთიერთობა, ვიყავი ბედნიერი, მაგრამ დიდხანს ურთიერთობის გაგრძელებისთვის ორივემ ძალიან ბევრი უნდა იმუშავოს. მარტო სიყვარული არ არის მთავარი, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს. ეს არის ჩვეულებრივი პარტნიორობა, რომელსაც ორივეს მხრიდან სჭირდება ძალისხმევა. მარტო ერთი ადამიანი ვერ „გაქაჩავს“. ჯერჯერობით არ მქონია ისეთი ურთიერთობა, ორივეს სადავეები ხელში აგვეღო და ურთიერთობაზე გვემუშავა. თუმცა, შეიძლება, ამ კუთხითაც გამიმართლოს (იცინის). კიდევ ვიმეორებ – მიუხედავად ყველაფრისა, ცალსახად ვამბობ, რომ ვარ ბედნიერი ადამიანი, ვცხოვრობ ლამაზ სახლში, სადაც შესვლა ესთეტიკურ სიამოვნებასა და ბედნიერებას მანიჭებს; მყავს შვილი – საოცრად კეთილშობილი და პატიოსანი, მართლა საოცარი გოგოა და მინდა, ოდესღაც მივუახლოვდე მის სიკეთეს და პატიოსნებას. და, ყველაფერთან ერთად, საშინლად შრომისმოყვარეა. მყავს კარგი, ლამაზი და ჯანმრთელი დედა, რომელიც ჩემთვის მაგალითია; 17 წლიდან მუდმივად მაქვს ჩემი შემოსავალი და მხოლოდ ჩემს თავზე ვარ დამოკიდებული. ეს ყველაფერი მაძლევს იმის საბაბს, ვთქვა, ბედნიერი ვარ, თორემ ცხოვრებისეული განსაცდელების და სტრესების გარეშე, არავის უცხოვრია. პირველ რიგში, მადლიერები უნდა ვიყოთ იმით, რაც გვაქვს და იმის, რაც შეგვიმსუბუქებს იმ სტრესებთან გამკლავების გზას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებელია, მუდმივად არსებობდეს. მე კი ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები