მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გამოცდილი შეგრძნებებიდან ყველაზე მეტად მარტოობასთან შეგუება გაუჭირდა. შეგახსენებთ, რომ ის გარკვეული პერიოდის წინ მეუღლეს დაშორდა.
– რა გამოცადეთ ცხოვრებაში პირველად ბოლო პერიოდში?
– სიახლეები მუდმივად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. პატარ-პატარა თუ მნიშვნელოვანი გამოცდილებები გვემატება. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე უცხო მარტოობა და მასთან შეჩვევა და დაახლოება იყო, რაც ბოლოს გამოვცადე. მარტოობასთან შეგუება არ იყო მარტივი, მაგრამ მერე შევეჩვიე და თურმე თავისი პლუსები ამასაც აქვს.
– წარსულიდან რას მიიჩნევთ საკუთარ მცდარ ნაბიჯად?
– უფრო მეტად უნდა მომენდომებინა, მეტი მესწავლა, მეტი მეშრომა, მეტი მომესმინა, დავკვირვებოდი და გამეთვალისწინებინა. ყველაფერი მეტია საჭირო. ენებს ვისწავლიდი, ბავშვობაში მეტად დავუჯერებდი მშობლებს და ასე შემდეგ. დრო ძალიან სწრაფად გადის და ის, რაც 20 წლის ასაკში უნდა გააკეთო, 30 წლის ვეღარ გააკეთებ. ამიტომ დრო არ უნდა გაგეპაროს. ჩემს შვილებს სულ ამას ვეუბნები. რაც დღეს არის გასაკეთებელი, დღეს უნდა გაკეთდეს. გული მწყდება, რომ მე ასე ბევრჯერ არ მოვიქეცი.
