LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF წელს მეთორმეტედ გაიმართება

98

ბათუმის საავტორო ფილმების XII საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს ჩატარდება. კინოფესტივალის მენეჯმენტმა უკვე დაასრულა ფილმების მიღება 2017 წლის პროგრამისთვის.  BIAFF 2017 ფესტივალის სრული პროგრამა კი მაქსიმუმ 1-ელ სექტემბერს გამოცხადება.  აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციის მონაწილე ფილმების სია.

კინოფესტივალი 17 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიხსნება.  გახსნის ცერემონიის საპატიო სტუმარი იქნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორი – გია ყანჩელი, რომელსაც გადაეცემა BIAFF-ის სპეციალური პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.

კინოჩვენებები  გაიმართება შემდეგ  ლოკაციებზე: კინოთეატრი «აპოლო»,  სასტუმრო „უინდჰემის“ კონფერენს დარბაზი და «კინოჩვენებები ღია ცისქვეშ» ერას მოედანზე.

კინოფესტივალის პროგრამა  შედგება შემდეგი სექციებისგან –  საერთაშორისო კონკურსი  (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი),  რეტროსპექტივები,  დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა,  ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი  ფილმების კოლექცია.

2017  წლის კინოფესტივალზე სხვადასხვა სექციაში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.

კინოფესტივალის პრიზები  გათვალისწინებულია შემდეგ კატეგორიებში: მხატვრული ფილმების საერთაშორისო  კონკურსი – გრანპრი, საუკეთესო რეჟისურა, მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი, ქალის როლის  საუკეთესო შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი.  BIAFF-ის მხატვრული ფილმების ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფი.

კინოსეანსებზე დასწრება  უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ კინოჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ „უფასო ბილეთების“ აღება. იმის გათვალისწინებით, რომ „აპოლოში“ მხოლოდ 160-მდე ადგილია, ორგანიზატორები დასწრების მსურველებს ურჩევენ, აიღონ  ე.წ. „უფასო ბილეთები“ ადგილის რეზერვაციის მიზნით.

 

კინოფესტივალის სპონსორები: ბათუმის მერია,  საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო და სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”.

კინოფესტივალის მხარდამჭერები კინოთეატრი „აპოლო“,   „ბრიტანეთის საბჭო“, „გოეთეს ინსტიტუტი“,  სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Batumi Plaza”,  აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, ხოლო კინოფესტივალის  მედია პარტნიორები რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  აჭარის ტელევიზია,   ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი „ბათუმელები“ არაინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g