გუშინ, ერთ-ერთმა ფრანგმა პოლიტიკოსმა ლორან ვოკიმ, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროცესის კადრებია ასახული. ფონად კი სომხეთის რუკაა, რომლის საზღვრებშიც ახალქალაქი და საქართველოს სხვა ტერიტორიებია მოქცეული.
ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს ელჩი საფრანგეთში თეა კაკუტია გამოეხმაურა:
„ოვერენი–რონ–ალპის რეგიონის მიერ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამოქალაქო პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ნამდვილად მისასალმებელი ინიციატივაა. თუმცა, რუკის ფონად ჩვენება, რომელზეც სომხეთი მნიშვნელოვნად სცდება მის საზღვრებს და რომლის მიხედვითაც საქართველოს შემადგენელი ნაწილი (ახალქალაქის რაიონი) სომხურ ტერიტორიად არის აღნიშნული, სულ მცირე, უხერხულია.|
ამჟამად რეგიონში არსებული უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, ამგვარი კარტოგრაფიული ასახულობა მხოლოდ სიძულვილის გაღვივებასა და დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება“, – ამბობს თეა კაკუტია.