საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი” სამუშაო პროცესი აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ამ დროისთვის ყველა მანქანა, რომელიც „ყაზბეგის“ გახსნას ელოდებოდა, ორივე მიმართულებით გატარებულია.
დარიალის ხეობაში შექმნილი საგანგებო ვითარების გამო, 14 აგვისტოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ სამუშაო პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში შეწყდა. საგანგებო რეჟიმი ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას უკავშირდებოდა. ხეობაში დამონტაჟებულმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის თაობაზე ავტომატური განგაშის სიგნალი შესაბამის უწყებებს გადასცა. შედეგად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთიდან და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “ყაზბეგიდან”. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.