რუსული საოკუპაციო ძალების სამი პატრული საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა ავრცელებს.
„ორჭოსანის საოკუპაციო ბაზიდან 37 სადამკვირვებლო დღის განმავლობაში პირველად გამოჩნდა ოკუპანტების 3-კაციანი პატრული ძაღლთან ერთად (გერმანული ნაგაზი), რომელიც მოძრაობდა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ და ასევე გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან, დაახლოებით, 200-300 მეტრით სოფ ყარაფილას თავზე/მიმართულება სოფ.კოდისწყარო.
ამ წუთას გამოჩნდნენ EUMM წარმომადგენლები,“ – წერს ქაცარავა facebook-ის საკუთარ გვერდზე.
როგორც “ფორტუნას” დავით ქაცარავამ განუცხადა, საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები ამ დროსითვის მხედველობის არედან მიიმალნენ .
„სამხედროები სოფელ ყარაფილას თავზე მოძრაობდნენ, სოფელ კოდისწყაროს მიმართულებით, კარგად შეიმჩნეოდა, რომ შემოვიდნენ ბანერებით განსაზღვრული საოკუპაციო ხაზის აქეთ და ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ,“ – განაცხადა ქაცარავამ „ფორტუნასთან“.
მისი ინფორმაციითა, ამ წუთებში ადგილზე უკვე იმყოფებიან სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები და ქართული პოლიცია.
აქცია “ძალა ერთობაშია”, რომლის ერტ-ერთი მთავარი ინიციატორია დავით ქაცარავა, უკვე თვეზე მეტია, საოკუპაციო ხაზთან მუდმივად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან მუდმივად მორიგეობენ და მონტორინგს უწევენ ოკუპანტების მხრიდან ოკუპაციის ხაზის დარღვევას.