პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი განმარტავს, თუ რატომ მიიღო იმაზე ნაკლები მხარდაჭერა, ვიდრე ამას წინასაარჩევნოდ ვარაუდობდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამომრჩეველზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა და მათ შორის პანდემიამ. მისივე თქმით, მხარდამჭერებზე უარყოფითი დინამიკა ბოლო 2 კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა იქონია, თუმცა კონკრეტული ფაქტების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამაზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. კობახიძის განმარტებით, არჩევნები თვენახევრის წინ რომ ჩატარებულიყო, 60-%იანი შედეგი რეალური შედეგი იქნებოდა.
“ჩვენ გვაქვს ამის ანალიზი გაკეთებული და ეს პროგნოზი იყო რეალური, თუმცა ბოლო 2 კვირიანმა პროცესებმა, გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა. ოყო 2 ძირითადი ფაქტორი ამაზე მოგვიანებით საზოგადოებას მოვახსენებთ. რეალური იყო საკმაოდ მაღალი შედეგი, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა და მათ შორის პანდემიამ, რომელსაც აქვს ორი ეფექტი: ერთი ის რომ ინფიცირების შემთხვევები არის გაზრდილი და ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, რაც თან ახლავს პანდემიას. ასევე სოციალური მდგომარეობა, რაც ზეგავლენას ახდენდა არჩევნების დინამიკაზე. ეს ფაქტორები იყო თორემ, რეალურად ეს არჩევნები თვენახევრის წინ რომ ჩატარებულიყო 60%-იანი შედეგი იყო აბსოლუტურად რეალური” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ქართულმა ოცნებამ” 76 მანდატი მიიღო – ხმების დათვლა გრძელდება
როგორც კობახიძე აცხადებს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაბალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინეს.
„ბუნებრივია, დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა. ამ შემთხვევაში გუშინ მათ ის გამოავლინეს, რომ ღირსეულად ვერ დახვდნენ დამარცხებას. ნახეთ, როგორ არასწორად იქცეოდა ორი პარტიის კომისიის წევრი ცესკოში, კომისიის თავმჯდომარის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს არ აჩვენებს მაღალ პოლიტიკურ კულტურას ისევე რაც, ჩვენ ვიხილეთ ცესკოს შენობის წინ“, – აღნიშნა კობახიძემ.
მან ასევე ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქმებთან დაკავშირებით მცირე ხარვეზები დაფიქსირდა, რაც ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და შემდეგ ყოველთვის სწორდება.
“10 000 ოპოზიციონერი აწერს ხელს ამ რიცხვებს, ეს არ არის თამარ ჟვანიას და არც ცესკო-ს რიცხვები. საკუთარ ხელმოწერებს არ ენდობიან?! – ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე ოპოზიციის განცხადებებს, რომ შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას და ის არის თამარ ჟვანიას და ხელისუფლების მიერ დაწერილი.
ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი განცხადებები არის სპეკულაცია და ღიმილისმომგვრელი.
“გვითხრან მაშინ, რა ციფრს ენდობიან? 3700 უბანია და ყველგან არის კომისიის 12 წევრი, ყველგან არის ოპოზიციის სამი წარმომადგენელი. ოქმებს ხელს აწერენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ოქმი როცა დგება, ეწერება ხელი და იგზავნება ოლქში და ცესკოში, რიცხვებს რასაც ხედავთ აქ არის ყველაფერი ხელმოწერილი ოპოზიციის მიერ, საკუთარ ხელმოწერებს არ ენდობიან? სასაცილოა”, – განაცხადა კობახიძემ.