LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის პროცესი დასრულდა – მამა გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი და პასუხგაუცემელი კითხვები

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, ბრალი გადაუკვალიფიცირა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღემდე დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალდება ანგარებით მკვლელობის მცდელობას გულისხმობდა და დეკანოზს 16-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზს საბოლოოდ სასამართლომ ბრალი გადაუკვალიფიცირა, ანგარების ნაწილი მოუხსნა და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, დაკავებულის ახლობლებში ამას მაინც პროტესტი მოჰყვა. ისინი დეკანოზს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და შესაბამისად, სხდომათა დარბაზიც განაჩენის გამოცხადებისთანავე პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც სხდომა დატოვა, დაკავებულის ძმა – თორნიკე მამალაძე აღმოჩნდა. ის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ დაელოდა – „მონა ხარ!“ – სწორედ ასე მიმართა მოსამართლეს და ამ შეძახილით დატოვა სასამართლო სხდომა.

მანდატურები სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ, თუმცა დაძაბულობა სასამართლოს ფოიეშიც გაგრძელდა.

„მოსამართლე ასრულებს ივანიშვილის დავალებას იმიტომ, რომ გადაწყვეტილება არასამართლიანად გამოიტანა,“ – ეს განცხადება თორნიკე მამალაძემ სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ გააკეთა.

თავად დეკანოზი პროცესზე არ გამოცხადდა. თუმცა, განაჩენის მოსასმენად სასამართლოში სასულიერო პირები და დეკანოზის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.

7-თვიანი დახურული სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას,  საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა პროცესზე დასწრების საშუალება ჟურნალისტებს და დამსწრე საზოგადოებას მიეცათ.

განაჩენის სრულად მოსმენის შემდეგ სასჯელით უკმაყოფილება გამოთქვეს დეკანოზის ადვოკატებმაც. ისინი გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას, როგორც ზემდგომ ინსტანციებში, ასევე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოშიც აპირებენ.

„დღეს ბესიკ ბუგიანიშვილმა ანგარებით ქართული მართლმსაჯულება გააუპატიურა,“ – სწორედ ეს იყო მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას, პირველი შეფასება.

მის მსგავსად გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია საქმის მეორე ადვოკატი, მიხეილ რამიშვილიც.

„როგორც სანდრო გირგვლიანის საქმეზე გაშიშვლდა, ასე გაშიშვლდება ამ საქმეზეც ქართული მართლმსაჯულება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ,“ – აღნიშნა მან.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრალდების მხარე და გაასაჩივრებს თუ არა, მიუხედავად გამამატყუნებელი განაჩენისა, ბრალის გადაკვალიფიცირების ნაწილს. თუმცა, როგორც საქმის პროკურორი, ჯარჯი წიკლაური, აცხადებს, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას ჩაიბარებს ბრალდება, შესაძლებელია, დანაშაულის ჩადენის მოტივთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოსაც მიმართოს.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან 3 საათში გამოტანილი გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, რომელიც პროცესის მიმდინარეობას 7 თვის განმავლობაში აკვირდებოდა.

„სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა,“ – აღნიშნა მან და იმ დარღვევებზეც ისაუბრა, რომელიც 7 თვის განმავლობაში გამოიკვეთა.

უჩა ნანუაშვილმა ვერ მიიღო კითხვებზე პასუხები, თუ ვისი პერსონალური მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად დაიხურა. გარდა ამისა, არაა იდენტიფიცირებული პირი, ვისგანაც დეკანოზმა ნივთიერება შეიძინა.

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა.

 

 

ქეთი გიგოლიშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g