COVID-19-ის კიდევ ერთმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა – ამ წარმატების შესახებ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ გვამცნეს. საუბარია ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის ერთობლივ ნამუშევარზე.
სწორედ ამ უკანასკნელმა გამოიგონა ვაქცინა, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო დიდი იმედით ელის. კომპანია BioNTech-ი იმუნოლოგმა უღურ შაჰინმა თავის მეუღლე, ასევე იმუნოლოგ ოზლემ თურეჯთან ერთად გერმანიის ქალაქ მაინციში 2008 წელს დააარსა.
ვინ არის ყველაზე ძლიერი ექიმების წყვილი, რომელთა შექმნილ ვაქცინას მსოფლიო ელის – ამაზე ვრცლად CNN-ი წერს. ნათქვამია, რომ ორივე თურქი ემიგრანტები არიან. უღურ შაჰინი 4 წლის იყო, როცა მისი მშობლები გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მამა მუშა იყო, უღური კი ექიმობაზე ოცნებობდა.
”ის არასდროს შეცვლილა და ახლაც ძალიან მოკრძალებული პიროვენებაა”, – ამბობს CNN-თან ინტერვიუში მათიას კრომაიერი, რომელმაც თავიდანვე ინვესტიცია ჩადო BioNTech- ში.
მედიის ცნობით, BioNTech-ს დღემდე მრავალი კვლევა აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება შაჰინს, მან სამედიცინო განათლება კიოლნის უნივერსიტეტში მიიღო. შემდეგ იმუნოლოგიის მიმართულებით მუშაობა დაიწყო ზაარლანდის უნივერსიტეტში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, ოზლემ თურეჯი, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, სტამბოლიდან გერმანიაში ემიგრირებული ექიმის შვილი.
ოზლემ თურეჯი ამბობს, რომ პროფესიის არჩევისას დიდი გავლენა მამამ მოახდინა, რომელიც ასევე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო.
”მე ვერ წარმომედგინა სხვა პროფესია მაშინაც კი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი”, – თქვა მან.
წყვილს გერმანიის მოქალაქეობა აქვს და თინეიჯერი ქალიშვილი ჰყავს. „ფორბსის“ ცნობით, უღურ შაჰინის ქონება 2,1 მილიარდს აღწევს და იგი 100 ყველაზე მდიდარი გერმანელის სიაშია.
რაც შეეხება ვაქცინაზე მუშაობის პროცესს, BioNTech– ში 1300 – ზე მეტი ადამიანი მუშაობს 60-ზე მეტი ქვეყნიდან და თანამშრომლების ნახევარზე მეტი ქალია. როგორც “ევრონიუსი” წერს, უფრო სწრაფი შედეგის მისაღწევად, კომპანიაში შაჰინის ზედამხედველობით, ვაქცინაზე ორი კვლევითი ჯგუფი მუშაობდა პარალელურად, კვირაში 7 დღე.
ექიმებს აფრთხილებდნენ ესარგებლათ მხოლოდ პირადი მანქანით, რათა არ ინფიცირებულიყვნენ და მუშაობა არ შეჩერებულიყო.