აშშ–ში, აიოვას შტატში გასაყიდად უცნაური ლიმუზინი გამოიტანეს. ავტომობილი პიკაპი Chevrolet Silverado–ს ბაზაზეა აგებული. წვეულებებისთვის მოდიფიცირებული მოდელის შეძენა 17 ათას დოლარადაა შესაძლებელი და მისი გარბენი სულ რაღაც 185 000 კილომეტრია.
როგორც ლიმუზინის მფლობელი ამბობს, 90–იან წლებში პიკაპის ძარა შუაში გაჭრეს და მოდელი მთლიანად განაახლეს. ლიმუზინის სალონში კომფორტულად მოკალათება 12 ადამიანს შეუძლია.
ავტომობილში წვეულების ჩასატარებლად აუცილებელი ყველა ატრიბუტია. მათ შორის – ძალიან კომფორტული ტყავის სავარძლები, ტელევიზორი, ასევე მინი ბარი, ატმოსფერული განათება და დამატებითი აუდიოსისტემა.
ყველგანმავალი ლიმუზინის კაპოტის ქვეშ 6,5 ლიტრის მოცულობის ტურბირებული V8 ძრავია განთავსებული და აგრეგატს 190 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. დიზელის ძრავი ოთხ–დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად ტანდემში მუშაობს.