დღეს ჩვენ დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში. პირველ რიგში ეს ცვლილება მოიცავს რესტორნების ინდუსტრიას, რაც მოიცავს სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას. განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
ნათია თურნავას განმარტებით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის, რომ სარესტორნო ინდუსტრია პანდემიიდან გამომდინარე არის მძიმე მდგომარეობაში.
„ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გვიდნა, რომ შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი. ამ პროგრამის მეშვეობით, თითქმის სრულად საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს უახლოეს 6 თვეში პრაქტიკულად ვერ იგრძნობენ. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო მოთხოვნა, რასაც რესტორნების ასოციაცია ჩვენთან ძალიან აქტიურად აყენებდა და საბოლოო ჯამში, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება, ასევე შეგახსენებთ, რომ მთავრობა სხვა მიმართულებითაც ეხმარება რესტორნებს, ისევე როგორც მთლიანად ტურისტულ სექტორს, ეს არის უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები, რადგან ამ დარგისთვის კეთდება ქონების გადასახადის 4 თვის პრაქტიკულად ჩამოწერა და მთლიანად 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, ასევე საშემოსავლო გადასახადში ნაწილობრივ გადავადება და პატიება და შემდეგ უკვე შეღავათები 1,500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სარესტორნო ბიზნესისთვის პროცენტის სესხის სუბსიდირებაზე, სახელმწიფოს გათვლებით, 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ამ დახმარებით 1500-მდე რესტორანი ისარგებლებს.
მინისტრი: ივენთ კომპანიებსა და კინოთეატრებს ლიზინგის სესხიც დაუსუბსიდირდებათ
მისი თქმით, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში ასევე ჩაერთვებიან ივენთ კომპანიები და კინოთეატრები და სახელმწიფო მათ მაქსიმალურად დაეხმარება.