LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ველოდოთ თუ არა ოპოზიციის “ტრიუკებს”: ვინ რა გზით შეიძლება შევიდეს პარლამენტში

119
FORTUNA.GE (16)

მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე სამი დღე რჩება და ჯერ ისევ არ ვიცით, ერთპარტიული პარლამენტი გვექნება, მრავალპარტიული თუ ერთპარტიულს+რამდენიმე “მოღალატე ოპოზიციონერი”. ჯერჯერობით მოცემულობა ასეთია: მოლაპარაკებები იმართება ყოველდღე, 4–5 საათი ელჩებთან ერთად პირისპირ სხედან ოპოზიციონერი ლიდერები და მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საათობით ელოდებიან გარეთ ჟურნალისტები, მერე გამოდიან და ერთი მხარე გვეუბნება, რომ ვერ მიაღწიეს კომპრომისს, არჩილ თალაკვაძე კი ამტკიცებს, რომ პოზიციები დაახლოვდა. უკვე რამდენი ხანია გვესმის, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე – ვადამდელ არჩევნებზე ამბობს უარს. მაშინ ჩნდება კითხვა: რა აზრი აქვს ამ მოლაპარაკებებს, რისთვის დადიან, რისთვის სხედან საათობით და რაზე საუბრობენ, თუ მთავარ საკითხზე მმართველი გუნდისგან ცალსახა უარია.

დარჩა თუ არა შეთანხმების რესურსი: კომენტარები შეხვედრების მე-4 რაუნდის შემდეგ

“ფორტუნა” დაინტერესდა პირველ რიგში იმით, რეალურად რა ხდება ამ შეხვედრებზე, რაზეც “გირჩის” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ვესაუბრეთ.

“წინა შეხვედრებზე ხელისუფლების მიერ მოტანილი შეთავაზება განვიხილეთ. იყო პუნქტები, სადაც იყო თანხვედრა. ეს, ძირითადად, ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის და პროცედურების ცვლილებებს. რაც შეეხება მეოთხე რაუნდს, ამ შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხები დავაზუსტეთ, მაგრამ განსხვავებული პოზიციები გვაქვს ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის: ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები. ამაზე უბრალოდ ამბობენ, რომ არ აპირებენ განხილვას. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მათ ოპოზიციას, დებატები, გადათვლა და კამერებიდან მასალების ამოღება შესთავაზეს და ამაზე უარი თქვესო, რა მასალები უნდა ამოგვეღო. ის ამბობს, რომ მომიტანეთ მტკიცებულებები, როგორ გაყალბდა. კამერებით უნდა დაადასტურო ის, რომ კარუსელები იყო. ანუ უნდა აიღო 3000-ზე მეტ უბანზე რა კამერებიც იყო, უნდა ეძებო ერთი ადამიანის სახე, რომელიც მივიდა სხვადასხვა უბანზე. ეს ხომ ზღაპარია. ან წარმოიდგინეთ, რა რესურსი სჭირდება. ამას სიტყვის მასალად ამბობს”, – გვითხრა ზურა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ მთავარ კითხვას – აქვს თუ არა აზრი საერთოდ ამ მოლაპარაკებებს, ამ თემაზე “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს, პეტრე ცისკარიშვილს ვესაუბრეთ.

“არ ვიცი, ეს მოლაპარაკებები ელჩების ხათრით მიდის თუ რა არის. მაგრამ ფაქტია, მთავარ საკითხებს, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასევე ხელახალ არჩევნებს არ განიხილავენ. აბა რაზე ვლაპარაკობთ. რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას, მე დარწმუნებული ვარ ჩვენს პარტიაზე. რამდენიმე დღის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა იყო, სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა და გადაწყდა, რომ პარლამენტში ჩვენი პარტია არ შევა. სხვებზე ვერ ვიტყვი, ხუთშაბათს რომ დაიძინებენ, პარასკევს რა ხასიათზე გაიღვიძებენ, რა მოლაპარაკებები ექნებათ ამ დღეებში არ ვიც. იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯზე არავინ წავა. დარჩა ორი-სამი დღე, იქნება მცდელობები მოლაპარაკების მაგიდის მიღმა, რომ ვიღაც შეიტყუონ პარლამენტში. როგორ გამოუვათ, ამას ყველა დავინახავთ.

ოღონდ აქ ერთი დეტალია. იმ დღეს (ანუ 11 დეკემბერს) თუ არავინ შევა პარლამენტში, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. შენ თუ განცხადება არ დაწერე, რომ უარს ამბობ მანდატზე და შენი უფლებამოსილება თუ მაინც ცნეს, გამოდის, რომ დეპუტატი ხარ, მაგრამ სხდომებზე არ დადიხარ. ან დაწერ განცხადებას, “ქართული ოცნება” არ დააკმაყოფილებს და ჩავრჩები დეპუტატად. თუ მე იქ თვალს ჩავუკრავ, რომ მე შენიანი ვარ, ხალხთან მართალი ვიქნები, ახლა არ დამიკმაყოფილო განცხადება და მერე თებერვალში, მარტში, როცა გადაავიწყდება ყველას, მერე შემოვიპარები. ეს კიდევ ერთი საკითხია. იმედი მაქვს ამაზე არავინ წავა”, – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ: ვის ვიხილავთ პარლამენტში ოპოზიციიდან

“ფორტუნა” ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ არავის აქვს არგუმენტი, თუ რატომ უნდა შევიდეს პარლამენტში.

“ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი, რომელიც რომელიმე ოპოზიციონერის შესვლას გაამართლებს. რა შანტაჟიც არ უნდა ხორციელდებოდეს რომელიმე ოპოზიციონერზე, მან უნდა იცოდეს, რომ ბევრი რამ ეპატიება, თუ გადამწყვეტ მომენტში სახელმწიფოს და ხალხის გვერდით დადგება. ხშირად გმირები ხდებიან ის ადამიანები, რომელთა წინაისტორია გმირობაზე ნამდვილად არ მიუთითებდა. დღეს მართლაც ლამის გმირობის ტოლფასია გაუძლო “ოცნების” ზეწოლას. ეს ადამიანები დღეს ყრიან ხვალინდელი დემოკრატიული საქართველოს საფუძველს. ვინც თანამდებობებს ელოდება “ოცნებიდან”, ვიცი, როგორ უყვართ “მეოცნებეებს” მოღალატეები, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც უბრალოდ არ მიგასუნინებენ, ამიტომ სჯობს ხალხის მხარეს დადგეთ, ვიდრე საკუთარი ხელით გაითხაროთ პოლიტიკური სამარე”, –ამბობს ლაგაზიძე.

 

magti 5g