“ამჯერად ივანიშვილი ჯავახეთს ყიდის,” – ამის შესახებ “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას”, “პატრიოტთა ალიანსს”, რუსულ და სომხურ სპეცსამსახურებს შორის გარკვეული გარიგება შედგა.
“მიღწეული შეთანხმებით ივანიშვილის რეჟიმს ერევანსა და მოსკოვს შორის ამ რეგიონში არსებული ხმები მხოლოდ ორ პარტიას შორის გაიყოფა: კრიმინალური “ქართული ოცნება” და უცხოეთის სპეცსამსახურებიდან დაფინანსებული “პატრიოტთა ალიანსად” წოდებული დაჯგუფება. შესაბამისად, მათ სიებში შეყვანილია მთელი ჯავახური სეპარატისტული დაჯგუფება, სამველ პეტროსიანის მეთაურობით, რომელთა მიზანია, გამოაცხადონ ჯერ რეგიონის კულტურული ავტონომია, შემდგომ პოლიტიკური ავტონომია და საბოლოოდ ჩამოაცილონ ტერიტორია დედასაქართველოს. მე მოვუწოდებ ორივე პარტიის ე.წ. ხელმძღვანელებს, გააუქმეთ თქვენი პარტიული სიები, წარდგენილი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, მიეცით საშუალება საქართველოს მოქალაქე სომხებს, ყოველგვარი სეპარატიზმისა და გარიგების გარეშე გამოხატონ თავიანთი აზრი და იმ პარტიას დაუჭირონ მხარი, რომელიც მათ ინტერესებთან უფრო ახლოა. სხვა შემთხვევაში მათ არ არსცდებათ საბრალდებო სკამი იმ შედეგებზე, რომელიც ამ უაღრესად საშიშ გარიგებას შეიძლება მოჰყვეს,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
