სალომე ბაკურაძე წელს, დიდი ხნის შემდეგ, პირველად 31 დეკემბერს სცენაზე არ იდგება. ჯერჯერობით ისიც არ იცის, ექნება თუ არა კონცერტი საახალწლო დღეებში, ასე რომ, მთლიანად ამ დღესასწაულზე და მის აღნიშვნაზეა გადართული. განსაკუთრებულად მოსწონს ნაძვის ხის აწყობის პროცესი და მორთო ორი ნაძვის ხე, ერთი მეუღლის, ლაშა ბასლანძის დედის სახლში, მეორე კი – საკუთარში. როგორც სალომე ხუმრობით აღნიშნავს, ნაძვის ხის აწყობა, ამ უსაქმურობის პერიოდში, მისთვის საყვარელ საქმიანობად იქცა.
სალომე ბაკურაძე:
ნაძვის ხის აწყობა ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, წელს კი, ვფიქრობ, როცა ჩემი ძირითადი საქმიანობიდან შემოსავალი არ მაქვს, ამ საქმეს ხომ არ მივყო ხელი (იცინის). სულ მზად ვიყავი, ახლობელს თუ უცხოს, ნაძვის ხის მორთვაში დავხმარებოდი. წელს ერთი ნაძვის ხე, ლაშას დედის სახლში ავაწყვე რეკომენდაციების დაცვით, ასტროლოგების რეკომენდაციებს ვგულისხმობ, მეორე კი, ჩვენს სახლში, იმ სათამაშოებით, რომლებიც მქონდა და იქ რეკომენდაციებს არ მივყოლილვარ. თეთრ ტონებშია და სადღაც-სადღაც წითელი შევურიე, არ შეიძლება წითელიო, მაგრამ მაინც ვერ გავიმეტე ჩემი ულამაზესი სათამაშოები ყუთებში დასადებად. ძალიან მომწონს წინა წლის სათამაშოები. ნელ-ნელა ვამატებდი და იმდენად კარგი სათამაშოები დამიგროვდა, რომ ფერის გამო მათზე უარი არ მითქვამს. ვარსკვლავებმა რაც გვითხრეს, ოქროსფერში ააწყვეთო, ცის კაბადონზე როგორც გადაწყდა ნაძვის ხის ფერები, სწორედ ეს გავითვალისწინე მეორე დიდი ნაძვის ხის შემთხვევაში (იღიმის). თქვენ სწორედ ეს ნაძვის ხე გადაიღეთ. რომელიღაც მიდგომა გაჭრის…
სხვებმაც ხომ არ გთხოვეს დახმარება?
ნათია დუმბაძეს ვუთხარი, მე მოვალ და აგიწყობ-მეთქი, მაგრამ ვერ დამელოდა, ვერ მოითმინა და თავად ააწყო. იქნებ, თქვენი საშუალებით გაიგონ იმ ადამიანებმა, ვისაც ნაძვის ხე ჯერ არ აუწყვია, რომ დასაქმება მჭირდება (იცინის).
ძაღლიც გამოგიწყვიათ საახალწლო ჰუდში. ბავშვს როგორ გააგებინეთ, რომ თოვლის ბაბუა ვერ მოდის?
უკვე დავიწყეთ ზღაპრის მოგონება, რომ თოვლის ბაბუა ვერ დაგვენახვება, მაგრამ კარიდან ან ფანჯრიდან შემოგვაწოდებს საჩუქარს. თავიდან სანტი მონდომებული იყო, რომ სანტა კლაუსისთვის წერილი თავად დაეწერა, მაგრამ ბოლოს აეშალა ნერვები, ცოტა ისწავლა და დანარჩენზე გვთხოვა, თქვენ დაწერეთო. შეძლებისდაგვარად, უდიდესი ხალისით შევხვდებით ამ დღესასწაულს, რომელიც წელიწადში ერთხელაა და ჩვენთვის ძალიან განსაკუთრებულია. გვინდა, სანტის ჯადოსნური ბავშვობა ჰქონდეს და ეს შესანიშნავი პერიოდია ბავშვებისთვის. ახლა ვეძებთ ფორმებს, რომ თავად გამოვეწყოთ სახლში მისთვის ამ დღის გასახალისებლად.
ბოლო 10 წელი, ან შეიძლება, მეტია, ახალ წელს სცენაზე ხვდები. ახლაც ასე იქნება?
31 დეკემბერს კონცერტზე ნამდვილად არ გამოვდივარ. მართალი გითხრათ, არც ის ვიცი, საახალწლო დღეებში იქნება თუ არა კონცერტები და მივიღებ თუ არა მონაწილეობას. ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელი ახალი წელი დგება, რადგან ორსულიც კი სცენაზე ვიდექი ამ დღეს. რა ემოციას გამოიწვევს, ჯერ ვერ ვხვდები. მომენატრა სცენა და მინდა, ყველაფერი ისევ ძველებურად ან უკეთ იყოს და ყველა საკუთარი საქმით იყოს დაკავებული, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის და ვერც იქნება.
კარანტინის პერიოდში კულინარიას საკმაოდ დაუახლოვდი და გოზინაყსაც თავად მოამზადებ და საახალწლო სუფრის დანარჩენ კერძებსაც?
გოზინაყს ლაშიკოს დედა და ბებია ამზადებდნენ სულ და ახლაც გამოგვიგზავნიან ალბათ, მაგრამ ახლა იმდენი დრო მაქვს, რომ მეც ვცდი, და თუკი არ გამომივა, მეორედ და მესამედ გავაკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ კარანტინში კულინარიული ნიჭი განსაკუთრებულად გამოვიჩინე. კერძებიდან რაც ვიცოდი, ახლაც იმას ვაკეთებ, არაფერი მისწავლია ახალი. რაც ყველაზე კარგად ვიცოდი კარანტინამდე, ახლაც ის ვიცი.
სალომე ბაკურაძის სახლის ნაძვის ხე
და ეს არის, როგორც მივხვდი, სიმღერა… რა სურვილს ჩაუთქვამს ახალ წელს?
არ ვიქნები ორიგინალური და პირველ რიგში, ყველასთვის ჯანმრთელობას ვინატრებ. მინდა, ამ პერიოდმა გაიაროს უფრო მსუბუქად. მინდა, ადამიანებმა უფრო დიდი სიყვარული გამოხატონ ერთმანეთის მიმართ. მსურს, უფრო მეტად ავღორძინდეთ, ვიდრე მანამდე ვიყავით. ესაა ყველას მთავარი საზრუნავი და მეტს ვერაფერს ვინატრებ.
ფოტო: დათუნა აგასი
ინტერვიუ: ნინო მურღულია