LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და, ფაქტობრივად, უკვე მორჩენილიც, დადგენილია მისი კონტაქტები: პაატა იმნაძე ახალი შტამით ინფიცირების შესახებ

97
1

“მოძიებულია მასალა ერთ-ერთი მისი კონტაქტის, რომელიც საქართველოში საზღვარგარეთიდან არის შემოსული და ახლა მიმდინარეობს იმ მასალის სეკვენირებაც. შესაძლოა, ის ყოფილიყო ინფექციის წყარო ამ შემთხვევაში.” – კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენაზე და შესაძლო წყაროზე, ასევე ინფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მადგილემ პაატა იმნაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, იმყოფება იზოლაციაში, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მოძიებულია ყველა კონტაქტი.

იმნაძე აღნიშნავს, რომ მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია:

“ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია. შემოვიდა სხვა ქვეყნიდან, შემდეგ ისევ წავიდა საქართველოდან. მას შემოსვლის დროს საზღვარზე ჩაუტარდა ტესტირება და პასუხი იყო უარყოფითი. ქვეყანაში ყოფნის მეშვიდე დღეს, ჩატარებული ტესტირების დროს პირველ პირს დაუდგინდა დადებითი პასუხი, ახლა მოძიებულია ისიც და მისი სეკვენირებაც ჩატარდება.” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის ახალი შტამიც ისევე გადამდებია, როგორც ძველი ვარიანტი:

“ისევ ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე, რადგან დაცვის ერთადერთი საშუალება, გინდა, ახალი შტამი იყოს და გინდა, ძველი, არის პირბადე და დისტანცია. აბსოლუტურად ისევე გადადის, როგორც ძველი შტამი.” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა საქართველოში გუშინ დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ ინფიცირებულის კონტაქტები დადგენილია. მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში.

ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. როგორც ექსპერტები აცხადებდნენ, ახალი ვარიანტი 70%-ით უფრო სწრაფად გადამდებია. მიმდინარეობს მისი შესწავლა.

ამ დროისთვის ახალი შტამი დადასტურებულია მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში.

 

magti 5g