მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ მაია ცქიტიშვილს და დავით ზალკალიანს წარმატებები უსურვა. ამასთან, პრემიერმა დააზუსტა, რომ ცქიტიშვილი პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის საკითხების კურატორი იქნება. დავით ზალკალიანი კი დეოკუპაციისა და ქვეყნის ინტეგრაციის მიმართულებით.
“მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში ეს არის გლობალური პანდემია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი. ყველა ეკონომიკური რეფორმის ეფექტურობა უახლოეს წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის საქართველო იყოს მზად ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადისთვის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.
ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა და ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით – მაია ცქიტიშვილი“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, პრიორიტეტული იქნება ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია.
“აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება, რომ ქვეყნის, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი”. – განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ხოლო დავით ზალკალიანმა ამ პოზიციაზე შეცვალა თეა წულუკიანი, რომელიც ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა.