LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანდატების გადანაწილება ამომრჩეველთა ნაკლებ აქტიურობას უკავშირდება – თენგო თევზაძე

თბილისის საკრებულოში პროპორციული მანდატები  ბარიერგადალახულ ოთხ პარტიას შორის  15-5-3-2-ზე გადანაწილდება. საარჩევნო სისტემების და თვითმმართველობების სპეციალისტმა, იურისტმა, თენგო თევზაძემ, „ფორტუნას“ საკრებულოში პარტიების მიხედვით მანდატების გადანაწილებაზე და მოსახლეობის დედაქალაქის არჩევნებში აქტიურობის შესახებ ესაუბრა. 

  • თბილისის შედეგები უკვე ცნობილია და საკრებულოს 4 პარტია დაიკავებს. როგორ გადანაწილდება პარტიათა შორის მანდატები?     

თენგო თევზაძე: კანონმდებლობით, თბილისის საკრებულო 25 პროპორციული წესით არჩეული და 25 მაჟორიტარი წევრისგან შედგება. 4-მა პოლიტიკურმა პარტიამ ბარიერი გადალახა და ამ პარტიებიდან „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ მიიღებენ მანდატებს იმ წესით, ფორმულით, რომელიც არეგულირებს მანდატების გადანაწილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაში. „ქართული ოცნება“ მიიღებს 15 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ – 5-ს, „ევროპული საქართველო“ – 3-ს და „პატრიოტთა ალიანსი“ – 2 მანდატს.

  • რამდენად არსებითია თვითმმართველობის მნიშვნელობა ქართული პოლიტიკისთვის და აკმაყოფილებს თუ არა ქართული რეალობა ამ მოთხოვნებს?

თენგო თევზაძე: ვინაიდან ხალხის ნება ხელისუფლების ძალაუფლების საფუძველია, ყველაზე კარგად და თვალსაჩინოდ ხალხის ნება უნდა იყოს გამოხატული ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც წარმომადგენლობითი, ასევე მმართველობითი ორგანოების ძალაუფლების განხორციელებაში. აქედან გამომდინარე, მნიშნველოვანია, რომ ქართველ ამომრჩეველს უფრო მეტად ეაქტიურა არჩევნებზე, რათა მათი ნება სრულად ყოფილიყო ასახული. დღეის მოცემულობით გვაქვს ეს რეალობა, რომელიც წარმოდგენილია და მთელი საქართველოს მასშტაბით უმრავლესი უბნები და საარჩევნო ოლქები დათვლილია. აქედან გამომდინარე, საინტერესოა მონაცემები, მაგრამ თვალნათლივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ყველგან მოიპოვა მნიშვნელოვანი უპირატესობით გამარჯვება.

 

გუშინდელმა აქტივობამ გვაჩვენა, რომ საზოგადოება არ არის რეალური დეცენტრალიზაციის მომხრე და არ არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.

 

ვინაიდან ბევრმა ამომრჩეველმა არ გააკეთა საკუთარი არჩევანი, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, თითქმის, ყველგან იქნება აბსოლუტურ უმრავლესობაში, ხოლო იქ, სადაც ეს პარტია არ იქნება უმრავლესობაში, მას ექნება მყარი დასაყრდენი საზოგადოებაში მათი წარმომადგენლების მეშვეობით. რაც შეეხება ამომრჩეველს, ის ვერ გაექცევა იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში იქნება. რეალურად, ამომრჩეველთა აქტიურობამ უნდა უზრუნველყოს რეალური დეცენტრალიზაცია. სამწუხაროდ, გუშინდელმა აქტივობამ გვაჩვენა, რომ საზოგადოება არ არის რეალური დეცენტრალიზაციის მომხრე და არ არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ჩვენი მოქალაქეები ადგილზე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ან თავს არიდებენ საკუთარ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ და მორალურ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

 

  • მხოლოდ თბილისზე რომ ვიმსჯელოთ, როგორც დედაქალაქზე, არის თუ არა ტენდენციის განმსაზღვრელი და მოცემული რეალობიდან გამომდინარე, როგორი იქნება ეს ტენდენცია?

თენგო თევზაძე:  ზოგადად, თბილისი ძალიან დიდ როლს თამაშობს არჩევნებში. მაჟორიტარული წესით არჩევნებში 25 მანდატი ნაწილდება. თბილისი, როგორც ცენტრი, ქმნის პოლიტიკურ რეალობას, მათ შორის, არჩევნებშიც იმიტომ, რომ დედაქალაქის როლი ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, საყურადღებოა, რამდენად მნიშვნელოვანი ნდობის მანდატი მიიღო  მმართველმა ძალამ, რომელმაც გაიმარჯვა ამ არჩევნებში თბილისში, პირველივე ტურში. მმართველმა ძალამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული და გამართლებული ის დაპირებები, რომლებიც კანდიდატმა არჩევნებამდე გააჟღერა.

 

მმართველმა ძალამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული და გამართლებული ის დაპირებები, რომლებიც კანდიდატმა არჩევნებამდე გააჟღერა.

 

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია იყოს კოორდინირებული, მათ შორის საკრებულოში იმიტომ, რომ ადგილობრივ დონეზე, თბილისში, არის ბევრი პრობლემა: ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური და მათ ამ პრობლემების მოგვარებისთვის, რა თქმა უნდა, სრულ კონტროლში უნდა ჰყავდეთ ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 4/5-ით არის წარმოდგენილი მმართველი ძალა.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g