საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.
„გასულ წელს ჩვენ ორჯერ უფრო მეტის მიღწევა შევძელით, ვიდრე რომელიმე წინა წელს ერთად გაგვიკეთებია. ამდენად, ძალიან კმაყოფილნი ვართ თანამშრომლობით. ძირითადი საქმე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისის წარმომადგენლობიდან კეთდება. ჩვენ სრული დატვირთვით ვმუშაობთ და ძალიან ვამაყობთ მიღწეული შედეგებით. დღევანდელი შეხვედრისას მიმოვიხილეთ გასული წლის შედეგები, რომელიც უდავოდ შესანიშნავი იყო. ასევე ვისაუბრეთ წლევანდელ მიზნებსა და სტრატეგიაზე, რომელსაც მომდევნო 5 წლისთვის ახლა ვწერთ საქართველოსთან მიმართებით. ვისაუბრეთ ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახლად დანიშნული პრეზიდენტის ქალბატონი ოდილ ღენო-ბასოს მომავალი ვირტუალური ვიზიტის შესახებ, რომელიც 1-2 თებერვალს შედგება“, – აღნიშნა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
მთავრობის მეთაურმა EBRD-ს მადლობა გადაუხადა სამაგალითო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არა მხოლოდ საქართველოს ძალიან კარგი პარტნიორია, არამედ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია, მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო კი ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე და კერძო სექტორის ჩათვლით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, განსაკუთრებით COVID-პანდემიის პერიოდში.
EBRD-ის რეგიონული დირექტორის შეფასებით, საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შესანიშნავი თანამშრომლობა აკავშირებთ და დასახული მიზნების განხორციელების კუთხით გასული წელი საუკეთესო იყო.