LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წლამდე ასაკის ბავშვებთან ნოტაციების კითხვა და ახსნა-განმარტებები ზედმეტია – თამარ გაგოშიძე

322
2-20-1024x683-1

საგანმანათლებლო სისტემაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის ინიციატორი ორგანიზაცია ,,მშობლები განათლებისთვის” ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის ონლაინ-ტრენინგს ავრცელებს, სადაც ფსიქოლოგი ბავშვებთან კომუნიკაციის მნიშვნელობასა და ტექნიკაზე საუბრობს.

თამარ გაგოშიძე: “ჩვენს კულტურაში, და არა მხოლოდ ჩვენს კულტურაში არსებობს მცდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბავშვს და განსაკუთრებით, 10 წლამდე ბავშვს არ აქვს დამოუკიდებელი აზროვნება და ჩამოყალიბებული ნებელობა, ის მთლიანადაა  დამოკიდებული ჩვენზე და ამიტომ საკმარისია მას მხოლოდ მოვთხოვოთ, ვუბრძანოთ და ვაკონტროლოთ. თუმცა ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ჯერ პიროვნებად  ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ის უნიკალურია და აქვს თავისუფალი ნება. სწორედ აქ არის სერიოზული დილემა. მშობლები ხშირად კითხულობენ, რა სტრატეგია აირჩიონ.

მიდგომა – ,,ჩემს შვილს პატივს ვცემ და ყველაფრის უფლებას ვაძლევ” -ძალიან გავრცელებულია. თუმცა დადგენილია, რომ ბავშვის განვითარებისათვის საუკეთესო და ჯანსაღი გარემო იქმნება მაშინ, როდესაც მას არა აქვს სრული თავისუფლება და არ ვართ ე.წ. ,,უჩარჩოო” სიტუაციაში.  ყველაფრის უფლების მიცემა გამოსავალი არ არის. მთავარია სწორი კომუნიკაცია შვილსა და მშობელს შორის და ამის ხარჯზე მათ შორის შეთანხმების მიღწევა. რა არის კომუნიკაცია? ეს არის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, თუმცა ეს ინფორმაცია მკაფიო უნდა იყოს.

მცირეწლოვანი ბავშვები არასიტყვიერ კომუნიკაციას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. რა ტონით, როგორ ვესაუბრებით, როგორია ხმის ტემბრი, სხეულის ენა… რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, ის ამას უფრო დიდ ყურადღებას აქცევს. რას ვეტყვით ამ ასაკის ბავშვს, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია როგორ ვეტყვით.

ბავშვისთვის გადაცემული ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო და გასაგები, რათა მან აღძრას შესაბამისი ქცევა.

იმისათვის, რათა მშობელმა შვილთან სწორი კომუნიკაცია შეძლოს, მნიშვნელოვანია მან იცოდეს ბავშვის ფსიქოსოციალური და მორალური განვითარების საფეხურების შესახებ.

მორალური განვითარების ფაზებით დავიწყოთ:

0-18 თვის ასაკი – ამ ასაკში ბავშვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივაციაა თავი აარიდოს ნეგატიურ ემოციებს და მოსალოდნელ დასჯას. ამ ასაკის ბავშვმა არ იცის რა არის მისაღები და მიუღებელი, ამიტომ ამ ასაკში ბავშვისთვის ვრცელი ახსნა-განმარტებების მიცემას აზრი არა აქვს.

6 წლამდე ასაკი  – ამ ასაკის ბავშვი ითხოვს ჯილდოს წესების შესრულებისთვის, ამიტომ ორიენტირებულია კარგად ქცევაზე. მან იცის, რომ თუ კარგად მოიქცევა, ჯილდოს მიიღებს. ამ დროს მან უკვე იცის რა არის კარგი და რა არის ცუდი ქცევა. ეს ყველაფერი მან რასაკვირველია იცის თავისი მშობლებისაგან.

6-11  წლის ასაკი – ამ ასაკის ბავშვი უკვე უწევს ანგარიშს თავისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებას, ახლობლებს, ოჯახის წევრებს. მას უნდ,  მიაღწიოს სხვების მოწონებას და სიყვარულს. მთავარ მოტივატორად ამ ასაკში გვევლინება ავტორიტეტული პიროვნებისთვის თავის მოწონების სურვილი, ბავშვი ცდილობს არ დაიმსახუროს მისგან საყვედური.

რაც შეეხება ფსიქოსოციალური განვითარების საფეხურებს, ამ მხრივ ზოგადად წამყვანი ნებელობის ჩამოყალიბებაა.

0-18 თვის ასაკი – ამ დროს ბავშვს აქვს ე.წ. უნდობლობის და ნდობის სტადია.

18 თვე-3 წლამდე  ასაკი – მთავარი ამოცანაა დამოუკიდებლობის მოპოვება. ამ ასაკის ბავშვს ხშირად ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება სურს, ამიტომ მშობელს მოთმინება მართებს. რასაკვირველია გასაგებია, რომ ამ ასაკის ბავშვი ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს, ან ვერ გააკეთებს კარგად. ეს მოითხოვს მშობლის მოთმინებას, დროს და ენერგიას.

3 წლიდან – ეს არის უკვე ინიციატივის ეტაპი. ამდროს ბავშვი ხდება ძალიან ცნობისმოყვარე და ენერგიული.

თუ დავაკვირდებით განვითარების ამ სტადიებს, აღმოვაჩენთ, რომ მშობლები ძალიან ხშირად იმ დროს ვაწესებთ აკრძალვებს, როცა ამას აზრი არა აქვს და ვერც შედეგს გამოიღებს. ან გავცემთ ახსნა-განმარტებებს, როცა ამას ბავშვი ვერ გაიგებს. ანაც ვცდილობთ ბავშვს ხელი შევუშალოთ დამოუკიდებლად რაღაცეების კეთებაში მაშინ, როცა ეს საჭიროა.

და მაინც, რა არის ძირითადი შეცდომები, რასაც მშობლები შვილებთან კომუნიკაციის პერიოდში უშვებენ?

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ კომუნიკაცია მონოლოგი არ არის და არ გულისხმობს ერთ მხარეს, მშობლები კი ძირითადად ამ პოზიციაში არიან და არ უსმენენ ბავშვს. მათ აქვთ თავისი მოთხოვნა და ეს უნდა დაკმაყოფილდეს. ეს არ არის სწორი მიდოგმა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოვუსმინოთ და შევხედოთ ჩვენს შვილს. შეიძლება ვინმემ იკითხოს- როგორ მოვუსმინო ორ წლამდე ბავშვს? ამ ასაკში ბავშვები ვერბალური ფორმით გამართულად ვერ გვეტყვიან რა უნდათ, თუმცა ჩვენ მაინც შეგვიძლია გარკვეული დასკვნა გავაკეთოთ მათ ქცევებზე დაყრდნობით.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინფორმაცია, მათ შორის მოთხოვნაც ბავშვთან მიმართებაში იყოს მკაფიოდ გადმოცემული. ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობისას ქცევის ვერბალური და არავერბალური ნაწილი ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, როცა ბავშვი იგინება და მშობლები იცინიან, ეს ბავშვისთვის შეტყობინებაა, რომ კარგად იქცევა. თუნდაც მათ უთხრან რომ ეს ცუდი საქციელია, თავად მათი ქცევა მათსავე სიტყვებს არ ეთანხმება. ამიტომ ბავშვი უპირატესობას ანიჭებს მათ ქცევას, სიცილს და არა მათ სიტყვებს. შესაბამისად მიიჩნევს, რომ კარგად მოიქცა.

ბავშვებს სჭირდებათ მკაფიო შეტყობინება, თუ რა არის მისაღები და კარგი და რა არის მიუღებელი და ცუდი. ამას ისინი ერთი წლის ასაკიდან ნელ-ნელა უკვე სწავლობენ.

ბავშვები ზოგადად ძალიან ეგოცენტრულები არიან, განსაკუთრებით 5-6 წლის ასაკამდე. ისინი თვლიან, რომ ყველაფერი მათ გარშემო ტრიალებს, ამიტომ ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ მან უნდა გვითხრას რაშია პრობლემა, რადგან ისე ჩვენ ამას ვერ გავიგებთ. ძალიან საინტერესო ფენომენია, რომ ბავშვებს ჰგონიათ – ყველას ესმის მათი.

მშობლები დილემის წინაშე არიან. ერთი ნაწილი ამბობს: როგორ შეიძლება ბავშვი თავის ნებაზე მივუშვათ და რაც უნდა ის აკეთოს? მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ბავშვის თავისუფალი ნების შეზღუდვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.

სად არის გამოსავალი? გამოსავალი ოქროს შუალედშია. ბავშვთან უნდა მოვილაპარაკოთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ის ჯერ ისადილებს და შემდეგ მიიღებს კანფეტს. ჯერ დაალაგებს თავის ოთახს და მერე უყურებს ტელევიზორს. ეს არის მოლაპარაკება, თუმცა მეორე მხარე ანუ ბავშვი ამაზე თანახმა უნდა იყოს, მან ეს უნდა გაითავისოს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ რაღაცას გააკეთებს, ის დაჯილდოვდება. 6 წლის ასაკამდე ეს მეთოდი ძალიან კარგად ჭრის ოღონდ მაშინ, როდესაც ჯილდოს ის იღებს არა უპირობოდ, არამედ პირობით. ბავშვს ამ დროს  აქვს არჩევანიც. მას შეუძლია არ ისადილოს. ოღონდ უნდა იცოდეს, რომ ვერც კანფეტს მიიღებს. ეს მისი არჩევანია.

3 წლამდე ასაკის ბავშვებთან ნოტაციების კითხვა და ახსნა-განმარტებები ზედმეტია. მით უმეტეს, რომ ამ დროს ძალიან მარტივია მოლაპარაკება- ჯერ ეს, მერე ის. მორალის კითხვას ამ ასაკში აზრი არა აქვს, ეს ბავშვისთვის ზედმეტი ინფორმაციაა, რომელიც ერთ ყურში შედის და მეორედან გამოდის, რაც მშობლებს აღიზიანებთ,

ბავშვთან კომუნიკაციისას მნიშვნელოვანია წინადადებების სწორად ფორმულირება, რათა თქვენმა ნათქვამმა ბავშვის გაღიზიანება არ გამოიწვიოს და მასში საპირისპიროს გაკეთების სურვილი არ აღძრას.  ნუ დაიწყებთ საუბარს აკრძალვით. ნუ ეტყვით ბავშვს : “არ გააკეთო! არ წახვიდე! არ შეჭამო!“. ეს არ არის ბავშვისთვის, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვისთვის მისაღები და ის ჯინაზე საპიროსპიროს აკეთებს, განსაკუთრებით 3-4 წლის ასაკში.  ბავშვის სიჯიუტე აპოთეოზს 3 წლის ასაკში აღწევს და ეს სრულიად ბუნებრივია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი შეტყობინებების ფორმულირება, რაც ნიშნავს იმას, რომ საყვედურის თქმისას მეორე პირში ნუ ისაბრებთ. ნუ ეტყვით: შენ ეს გააფუჭე. უთხარით: მე არ მომწონს ეს ქცევა. ჩემთვის არ არის მისაღები. ამ დროს მშობელი ბავშვისთვის ავტორტეტია და მის აზრს გაითვალისწინებს.

არ არის სწორი ბავშვის ცუდ ქცევაზე იქამდე საუბარი ვიდრე ის ცუდად მოიქცევა. ფრაზები: ,,აი ნახე ახლა ტირილს დაიწყებს, აი ნახე ახლა არ შეჭამს” ბავშვს ძალიან კარგად ესმის. მან იცის, რომ მშობელს მისგან გარკვეული ქცევის მოლოდინი აქვს და მას იმედს არუცრუებს. ნუ დააპროგრამებთ ბავშვს ცუდ საქციელზე.  ის ჩვენ, მშობლებს გვიყურებს, როგორც ავტორიტეტს და კომუნიკაციის ეს ფორმა მას სტიმულს აძლევს, აპროგრამებს ამ ქცევაზე. ბავშვებს ყველაფერი ესმით,რასაც ვამბობთ.

ბავშვთან ჩხუბი და ყვირილი ბევრად იოლია, ვიდრე სწორი კომუნიკაცია. არადა ბავშვის სწორი და ჯანსაღი განვითარებისთვის უმნიშვნლოვანესია,  რომ სასურველ შედეგს ძალადობის და ბავშვის დამცირების გარეშე მივაღწიოთ. ბავშვთან მოლაპარაკებას და დიალოგს ნამდვილად დიდი მოთმინება და ენერგია სჭირდება. ეს მართლაც ხელოვნებაა...

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g