LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლეს პუჩდემონი – ბრიუსელში თავშესაფრის მისაღებად არ ჩავსულვარ

92

კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კარლეს პუიჩდემონმა განაცხადა, რომ იგი ბრიუსელში თავშესაფრის მიღების მიზნით არ ჩასულა. მისივე თქმით, იგი მთავრობის ყოფილ წევრებთან ერთად ესპანეთში მაშინ დაბრუნდება, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

მედიასთან შეხვედრის დროს პუიჩდემონმა ასევე განმარტა, რომ იგი პასუხისგებას არ გაურბის და მზადაა სასამართლოს წინაშე წარდგეს, თუ პროცესი მიუკერძოებლად წარიმართება და „ჩვენების მიცემის უფლებას თავისუფლად მისცემენ“.

„ჩვენ ვერ მოვახერხებთ დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნას მიმდინარე ძალადობრივი პროცესების ფონზე. თუმცა, მე და ჩემმა გუნდმა თავიდანვე ვიცოდით, რომ კატალონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა დიდ მსხვერპლსაც მოითხოვდა. მე ამ ფასის გადასახდელად მზად ვიყავი“, – განაცხადა კარლეს პუიჩდემონმა.

27 ოქტომბერს კარლეს პუიჩდემონის მთავრობამ ფორმალური კენჭისყრის შედეგად კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ხმები 70 – 10-ის წინააღმდეგ გადანაწილდა. ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად კატალონიის პარლამენტი დატოვეს.

27 ოქტომბერს რამდენიმე საათში ცენტრალურმა მთავრობამ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის შეჩერებას და ცენტრალური მთავრობისგან პირდაპირი კონტროლის დამყარებას გულისხმობს. ოფიციალურმა მადრიდმა ამავე კანონის ფარგლებში დაითხოვა კატალონიის მთავრობა.

კატალონიაში 21 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ ბიუჯეტის არამიზნობრივად გაფლანგვაში, დაუმორჩილებლობასა და ამბოხების მცდელობაში ედებათ ბრალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g