“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ განაჩენზე საუბრობს და მიმართავს ხელისუფლებას, ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
გიგი წერეთელი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, საქართველოს მოქალაქეების მძიმე ყოფა და დისკრიმინაცია, აბსოლუტურად მოუთმენელია:
“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა საპატიმროში. ძალიან დრამატულად განვითარდა მისი ბედი, რადგან ის ჯერ დაჭრილი იყო, შემდეგ ე.წ. სასამართლომ მიუსაჯა 12 წელი. თუმცა, ეს არის ნაწილი დიდი ჯაჭვის, მძიმე ციკლის, როცა ჩვენს მოქალაქეებს როგორც უნდათ ისე აპატიმრებენ, სასამართლოს ატარებენ ისე, როგორც უნდათ და პრაქტიკულად, არანაირი მოქმედება არ არის.
ხელისუფლებამ უნდა ეძებოს, ნახოს და აქტიურად მოიძიოს ინსტრუმენტები, ეს სპეცსამსახური იქნება, საერთაშორისო ზეწოლა თუ რაღაც პირდაპირი კავშირები. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მძიმე ბედი, დისკრიმინაცია და მძიმე ყოფა ჩვენი მოქალაქეების საოკუპაციო ხაზზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მოუთმენელი.” – აცხადებს წერეთელი.
შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს დააკავეს. დღეს კი მას ცხინვალის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 12 წლითა და 6 თვით.
12 წელი და 6 თვე: უკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა