“ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც საოკუპაციო რეჟიმისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შეიქმნა წნელისი-ჩორჩანას საკითხის გარშემო. ამის შემდეგ ისინი მუდმივად ცდილობენ ძალის დემონსტრირებას”, – ასე გამოეხმაურა “კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი, ვანო აბრამაშვილი ზაზა გახელაძის განაჩენს.
უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა.
ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს - კეთდება ყველაფერი, რომ ის ოჯახს დაუბრუნდეს: სუსი
“რუსეთთან, რომელიც გამოირჩევა ხისტი პოლიტიკით, საკმაოდ რთულია გამკლავება. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ვაჟა გაფრნდაშვილის დროს იყო ეს გამოყენებული, მგონია კარგი იქნება თუ იმ ტრადიციულ მეთოდებთან ერთად ამუშავდება არაფორმალური კონტაქტები, რომელიც ყოველთვის მეტნაკლებად ამართლებს ხოლმე სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში”,- განაცხადა ვანო აბრამაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ცნობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.