LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორკოტოიდებს არსებობის და შეხედულებების ქონის სრული უფლება აქვთ, მაგრამ ქათმისმსროლელების წესიერ საზოგადოებაში შემოშვება არ შეიძლება”

105

პოლიტოლოგი გია ნოდია ჰომოფობიური ჯგუფების და მედიის ურთიერთობის შესახებ დისკუსიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. საუბარია “ქართული მარშის” გუშინდელ პერფომანსზე, როცა აქტივისტებმა რუსთავი 2-ის შენობას ცოცხალი ქათმები ესროლეს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1714011411974272&set=a.609493689092722.1073741833.100000962894816&type=3&theater

 

“რა თქმა უნდა, წესიერმა („რესპექტაბელურმა“) ტელევიზიამ კორკოტოიდები ეთერში არ უნდა დასვას და ზრდილობიანად არ უნდა დაუსვას შეკითხვები იმის თაობაზე, თუ რაშია ჩვენი ეროვნული ღირებულებები და როგორ უნდა დავიცვათ ისინი.

აქ ძირეული პრობლემაა არა კონკრეტული ჟურნალისტების გადაწყვეტილებები, არამედ თავად წესიერი თუ რესპექტაბელური მედიის ცნება, რომელიც საქართველოში არ არსებულა. (ილიას დროს იყო თუ არა, არაფერს ვიტყვი, ის ეპოქა სპეციალურად არ შემისწავლია). საბჭოთა პროპაგანდისტული მედია შეცვალა მედიამ, რომელიც ემყარებოდა აზრს, რომ რაკი მედია თავისუფალია, ესე იგი ყველაფერი მოსულა.

ამ აზრით, დისკუსია იმაზე, არის თუ არა კორკოტა ეთერისთვის შესაფერისი, ძალიან კარგი და მისასალმებელია, იმიტომ რომ ასეთი დისკუსიების შედეგად შეიძლება დადგინდეს ეს წითელი ხაზები. კორკოტოიდებს არსებობის და მათი შეხედულებების ქონის სრული უფლება აქვთ, მაგრამ წესიერი საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ ქათმისმსროლელების წესიერ საზოგადოებაში (და თუნდაც წესიერ ოჯახში) შემოშვება არ შეიძლება.

ოღონდ აქ არის არაერთი მნიშვნელოვანი „მაგრამ“. პირველ რიგში, ეს წითელი ხაზები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაადგინოს სახელმწიფომ, ისინი საზოგადოების „გაზრდის“ შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს. ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოების ასეთი „ზრდა“ რეალურად ხდება. ზრდა, განვითარება კი შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების პირობებში. უნდა გვესმოდეს, რომ კორკოტოიდები მთელი თავისი გაგებით, ლექსიკით და ქათმების სროლით საბჭოთა გადმონაშთია, ანუ შედეგია არათავისუფალი საზოგადოებისა, რომელიც არათავისუფალი იყო სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე მოწინავე, პროგრესულმა მემარცხენე ინტელიგენციამ ძალაუფლება მოიპოვა და ეს ძალაუფლება გამოიყენა იმის დასადგენად, რომელი იდეების პროპაგანდაა დასაშვები და რომლის – არა. კორკოტაც იმ ლოზუნგით გამოდის, რომ გარკვეული ცხოვრების სტილის პროპაგანდა დაუშვებელია.

ასეთი აკრძალვების პრეცედენტები არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებშიც (ვიცი, ევროპულ მაგალითებს მომიტანენ), მაგრამ, ჩემი აზრით, ისინი იმ ქვეყნებშიც ცუდია, და სრულიად დაუშვებელია საქართველოში, რადგან ჩვენს ჯერ კიდევ ჩანასახოვან დემოკრატიაში ყოველგვარი ამგვარი შეზღუდვა მმართველი პარტიის ინტერესებში იქნება.

გახსოვდეთ, რომ ყოველგვარი ასეთი შეზღუდვების რეალური დამდგენი იქნება ეკა ბესელია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გვითხრა (იმის პასუხდ, რომ კორკოტოიდები ახალგაზრდა ქალის ქოლექტიური გაუპატიურების სცენარებს განიხილავდნენ საჯაროდ), რომ კორკოტას პატრიოტიზმში ეჭვი არ ეპარება. გინდათ, ასეთმა ადამიანმა დაგიდგინოთ, ზუსტად სად გადის დასაშვები თუ დაუშვებელი საჯარო მეტყველების საზღვრები? დღევანდელი ხელისუფლება (ან მისი დიდი ნაწილი) თავისი ღირებულებებით გაცილებით უფრო ახლოსაა კორკოტასთან, ვიდრე კორკოტას კრიტიკოსებისგან, და მისგან დავალებულად მიიჩნევს თავს (სამართლიანად).

ვიცი, რომ კორკოტიზმის წინააღმდეგ ბევრი მებრძოლი პოლიტიკაზე მაღლა დგახართ, მაგრამ ეს პოლიტიკური რეალობაც უნდა გაითვალისწინოთ. და კიდევ: ნუ გექნებათ იმედი, რომ ოდესმე მოვა იდეალური ხელისუფლება, რომელიც რაღაც სრულყოფილ ფორმულას მოიფიქრებს, რისი თქმა შეიძლება და რისი არა, და მისი იმპლემენტაციისას მხოლოდ კეთილშობილების და ჰუმანიზმის პრინციპებით იხელმძღვანელებს.

როგორც დასავლური პოლიტკორექტულობის ექსცესები გვიჩვენებს, დასაშვებისა და დაუშვებლის ზღვარის დადგენა საზოგადოების დონეზეც პრობლემურია. მედია ვალდებულია ხმა მისცეს საზოგადოებაში არსებულ მრავალ სხვადასხვა მოსაზრებას, მათ შორის იმას, რომელიც მე სულ არ მომწონს. კონკრეტულად სად უნდა გაივლოს ზღვარი? აქ მრავალი რეალური დილემაა. მაგრამ ამ თემას ახლა არ შევყვები, ისედაც გრძელი სტატუსი გამოვიდა – ამაზეც შეიძლება გამიჯავრდნენ. კორკოტას ადგილი რომ ეთერში არაა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია,” – წერს გია ნოდია.

 

https://www.facebook.com/ghia.nodia/posts/10155825895808571?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g