LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ერთ “ნაციონალს” არ აქვს ფსევდოგმირობის თავი, ეს მათი ბუნება არ არის – მდინარაძე დარწმუნებულია, რომ მელია გირაოს გადაიხდის

72
მამუკა მდინარაძე

„მიხეილ სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, რომ ციხეში თავისი ფეხით, თავისი სურვილით წავიდეს, რაც თვითონ ვერ გააკეთა და გამოიყვანოს ფსევდოგმირი ნიკა მელიას სახით, ამით ცეცხლი დაანთოს, რადგან მეტი შანსი აღარ აქვს. თავად ძებნილი ადამიანი ასე თვლის“, –  ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  მამუკა მდინარაძემ გააკეთა და ისიც დაამატა, რომ სიტუაცია ძალიან მკაფიოა  –  ნიკა მელია კანონს დაექვემდებარება და დაემორჩილება, თუ მიხეილ სააკაშვილს. მდინარაძის შეფასებით, მესამე ვარიანტი არ არსებობს და იგი დარწმუნებულია, რომ მელია გირაოს გადაიხდის.

“მეორე მხრივ კი სააკაშვილის იდეაა, ეს ყველაფერი გამოიყენოს, რათა საერთაშორისო თუ შიდა მოხმარებისთვის მელიას რამენაირად პილიტდევნილის სტატუსი აკიდოს, მისი მიზანი ეს არის. დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია გირაოს გადაიხდის. თუ დააკვირდებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, თავის არხებთან ერთად მესიჯს ალაგებენ, რომ თითქოს, ჩვენ გავიქცევით და ნიკა მელიას გირაოს გადავუხდით.

წარმოუდგინეთ, პიარული თავხედობის ხარისხი და დონე. დღეს ინფორმაცია გახმოვანდა, რომ ისინი ცდილობენ, ადამიანი მოძებნონ, რომელიც გირაოს გადაიხდის და შემდეგ ქვეყანას დატოვებს, რომ მედიამ კითხვები არ დაუსვას. შემდეგ იტყვიან, თითქოს, ეს ადამიანი ხელისუფლებიდან მიგზავნილი იყო და გირაოს თანხა ჩუმად შეუცურეს. საოცრებას კადრულობენ და იგონებენ. იმის თავი არ აქვთ, რომ გირაო არ გადაიხადონ, რადგან როცა თავის თავს იჭერს ადამიანი, ბუნებაში არ არსებობს. გამოვიდა და გულზე მჯიღის დარტყმით იძახა, არ გადავიხდიო, ვერც დამიჭერთო.ეგონათ, ვინმე ხვეწნას დაუწყებდათ. პროკურატურა არ ეხვეწა, არ დაგიჭერთ და ნუ გადაიხდი გირაოსო,” განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ახლა ცუდ სიტუაციაში არიან, ადამიანს ეძებენ, ვინც გირაოს გადაიხდის და ქვეყანას დატოვებს. მდინარაძის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა  მისი ბედი ბრალდებულზეა დამოკიდებული.

“პირველივე დარღვევაზე, როცა სამაჯური მოიხსნა, გადააგდო, ამით სახელმწიფოს, კანონს და სამართალს სახეში შეაფურთხა, ჰუმანურად მოექცნენ, გირაოს რაოდენობა გაზარდეს და ესეც არ გადაიხადა. თავისი გადასაწყვეტია, რას იზამს და ნურავის ნურაფერს დააბრალებს. დარწმუნებული ვარ, გადაიხდის. არც ერთ ნაციონალს არ აქვს ფსევდოგმირობის, ან გმირობის თავი. ეს მათი ბუნება არ არის“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის,  „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით  30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. (სამაჯური)

2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას კი,  ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის გადააგდო, რის შემდეგაც პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა. გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს, მელიას გირაოს გადახდის ვადა ხვალ, 12 თებერვალს ეწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g