„პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. თუმცა შემიძლია აბსოლუტური გულწრფელობით გითხრათ, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იყო, არის და იქნება“, – ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს აქვეყნებს
მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე – „სრული აბსურდი“
მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი ბრალდებებისთვის მზად არ არიან, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებენ ბრძოლას და ვერც ეფექტიან მენეჯმენტს განახორციელებენ.
„მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ.
როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე და უსაფუძვლო განცხადებებს, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მის მიზნობრიობაზე, მე შევეცდები, რომ დღეს არ ვისაუბრო. სერიოზულადაც არ შეიძლება ასეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო…
მინდა შემთხვევითაც ვისარგებლო და ასევე ვილაპარაკო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დაგხვდა რამდენიმე პროექტი, ზოგან ხიდი, ზოგან გზა, ზოგან წყალი, გაზიფიცირების საკითხები, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდ არის. მინდა გავაფრთხილო ყველა, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაგვიანების, უხარისხობისა და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ასე მარტივად და ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ და დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული. არ ვაპირებ არც მე და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, რომ შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დაწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტან და ბევრ სხვა რამესაც და კორუფციასთან ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა. წერილში ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შარშან დაწყებული ე.წ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვა სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გაყვა მისთვის „გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დაეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები”, სანაცვლოდ მიიღო „დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა“.
ღარიბაშვილის თქმით, მან ივლისში მიიღო წერილი მამუკა მდინარაძისგან და იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა. ექსპრემიერი ამბობს, რომ ეს იყო „წითელი ხაზი“ და დასძენს: „რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“.
შეგახსენებთ, მანამდე, ერთი დღით ადრე, ექსპრემიერმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
