LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ქართველები უფრო მეტად საკუთარი თავისთვის საჩუქრებს და საბავშვო პროდუქციას ყიდულობენ

109
20181119184246-2020-11-19-13-56-02-541391

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ხალხი ყველაზე დიდი რაოდენობით საბავშვო პროდუქციას ყიდულობს. „ფორტუნას“ ეთერში კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა მუშაობის განახლების 2 კვირიან პერიოდზე ისაუბრა.

როგორც მაღალაშვილი ამბობს, რომ შევხედოთ 1-ლი თებერვლიდან გახსნის პერიოდს, გაყიდვებმა მოლოდინებს გადააჭარბა. „აშკარად დადებითი დინამიკა გვაქვს. პირველი გახსნის შემდეგ, 1-ლი ივნისიდან 28 ნოემბრამდე, სანამ ჩაიკეტებოდა რითეილი, დაახლოებით, 35%-ით იყო შემცირებული როგორც ნაკადები, ისე შემოსავლები შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ახლა კი, გახსნის შემდეგ, ძალიან დიდი ზრდა არის შარშანდელთან პერიოდთან შედარებით. ეს იმითაც აიხსნება, რომ ერთი თვე ჩაკეტილები ვიყავით და ბუნებრივია, დაგროვდა მოთხოვნა. შესაძლოა, ეს დინამიკა დიდხანს ასე არ გაგრძელდეს, მაგრამ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ გაყიდების საკმაოდ კარგ მაჩვენებლებს“, – აღნიშნა „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა ტიპის საქონელზეა მოთხოვნა უფრო მეტად, ანუ რას ყიდულობენ ყველაზე დიდი რაოდენობით „ლოქდაუნის“ შემდეგ ქართველები, მაღალაშვილი ამბობს, რომ ცალკეული პროდუქციის გამოყოფა რთულია, თუმცა უფრო მეტად მოთხოვნა საბავშვო პროდუქციაზეა.

„ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თავიდან ეს იქნებოდა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისათვის შენაძენები. ანუ, ვთქვათ, ტემპერატურული ცვლილებებიდან გამომდინარე ყოველდღიური სამოსი – თუმცა, არ არის ასე გამოკვეთილად, როგორც ჩანს, არის რაღაც მონატრების მომენტი და მძიმე ვითარებიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება შოპინგია, საკუთარ თავს საჩუქარსაც უკეთებს ხალხი. განსაკუთრებით, საბავშვო პროდუქციის მიმართულებით არის გაზრდილი მოთხოვნა: საბავშვო სამოსი, ფეხსაცმელი… თანაც, იქიდან გამომდინარე, რომ სწავლის დაწყება დაანონსდა, უკვე გამოსასვლელი ტანსაცმელი გახდა საჭირო“, – დასძინა „ფორტუნას“ ეთერში „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g