“მე რაც დავინახე დღეს, ეს არის ტიტანიკი, რომელსაც უნდა ფოიერვერკის გაშვება. ტიტანიკი არის ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ოპოზიციის გარეშე დარჩეს.” – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა დატოვა.
რაქვიაშვილი რიტორიკულ კითხვას სვამს და ამბობს, რომ არ იცის, როგორ აპირებენ ოპოზიციის წარმომადგენლები არა მხოლოდ უბრალოდ კოალიციის შექმნას, არამედ მომავალში ქვეყნის მართვას, იმ შემთხვევაში, თუ ამის პრეტენზია ექნებათ.
“მე რაც დავინახე დღეს, ეს არის ტიტანიკი, რომელსაც უნდა ფოიერვერკის გაშვება. საბოლოო ჯამში, მთავარი, რა პასუხიც მივიღეთ, არის ის, რომ ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ ისეთ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთ აზრზე არიან.
კითხვი მიჩნდება, საერთოდ როგორ აპირებენ ეს ადამიანები არა უბრალოდ კოალიციის შექმნას, არამედ მომავალში ქვეყნის მართვას, თუ ამის პრეტენზია აქვთ? ტიტანიკი არის ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ოპოზიციის გარეშე დარჩეს. მე მგონი, ვერ ხვდება ოპოზიცია რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი. ფოიერვერკი კი იქნება აქციები. დღეს ცალსახად დააფიქსირეს, რომ თუ ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს, ამის გამო შეიძლება აღარ ელაპარაკონ. ჩემთვის ეს არის მკაფიო ინდიკატორი, რომ თანამშრომლობაზე და პოლიტიკზე იმდენად განსხვავებული წარმოდგენა აქვთ, რომ არც კი წარმომიდგენია, ამ ხალხმა როგორ შეიძლება მიაღწიოს წარმატებას.” – თქვა რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრა მალევე დატოვეს პარტია “გირჩის” წევრებმა – ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა.
შეხვედრიდან გამოსულმა მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო, დასვეს კითხვები და პასუხები ვერ მიიღეს და იმის ნაცვლად, რომ მათთვის ეპასუხათ – “გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს”.
იაგო ხვიჩიამ კი თქვა, რომ მათ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს, რომელზეც პასუხები ვერ მიიღეს: “ამ საკითხებზე ოპოზიციონერების რეაქცია იყო ქაოსი, დესტრუქცია და ყაყანი”.
მიშას თამაშს თამაშობენ: “გირჩის” ლიდერებმა ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს