სანამ სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილია, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია – ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში Inn ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია გაიხსნას სახმელეთო საზღვრები იგივე კანონდებლობით, იგივე შეზღუდვებითა და რეგულაციებით, რითაც გაიხსნა საჰაერო საზღვარი. როგორც კოკაია ამბობს, ეს ხელს შეუწყობდა საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას ქვეყანაში.
„საქართველოში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა შემოდიოდა სახმელეთო გზით, ეს მთავარი გზა რომ ჩაკეტილია, ტურისტების აბსოლუტურ უმრავლესობას უარს ვეუბნებით შემოვიდნენ ქვეყანაში კომფორტულად“, – განმარტავს Inn ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.
ერეკლე კოკაია კომენტარს ე.წ ვაქცინა ტურებზეც აკეთებს და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ტურების გაკეთება საქართველოშიც სავსებით რეალურია.
„თანხმობა რომ ყოფილიყო მთავრობის მხრიდან და შემოსულიყო კომერციული ვაქცინა – ამ ამბავს ძალიან ბევრი პლუსი ექნებოდა. პირველი, ნაკლები ხარჯი ექნება თვითონ სახელმწიფოს, გარდა ამისა, დაჩქარდებოდა ვაქცინაციის პროცესი, რაც ხელს შეუწყობდა ტურიზმის აღდგენას და ეკონომიკის გაჯანსაღებას. ამიტომ, ვაქცინა ტურების გაკეთება ნამდვილად შეიძლებოდა. დარწმუნებულები ვართ, რომ სხვა ქვეყნებში ნამდვილად არსებობს ხალხი, რომელსაც ვაქცინის გაკეთების რიგი არ უწევს ჯერ თავის ქვეყანაში და თანახმა იქნება, რომ ფული გადაიხადოს და მიიღოს ვაქცინა სხვაგან. არის ამაზე მოთხოვნა, გვაქვს უკვე მსოფლიოში რამდენიმე მაგალითი ვაქცინა ტურების. მაგალითად, ისრაელიც გეგმავს ამის გაკეთებას, დუბაიში უკვე კაი ხანია დაწყებულია, ასევე მალდივებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობას და მივაწვდინეთ ხმა, მათი მხრიდან ჯერ პასუხი არ ყოფილა“, – დასძინეს ერეკლე კოკაია.
შეგახსენებთ, ტურიზმის სექტორმა მთავრობის მიმართ, რამდენიმე დღის წინ, მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წარდგენილ მოთხოვებს შორის, ერთ-ერთი ქვეყანაში ვაქცინების კომერციული გზით შემოტანა იყო და სექტორი იმ განცხადებაში, ე.წ ვაქცინა ტურებზე საუბრობდა.