„ბი ბი სის“ ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველწლიურად 1.6 მილიონი ტყუპი იბადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 42 დაბადებული ბავშვიდან ერთი ტყუპისცალია.
დაბადებული ტყუპების რაოდენობამ მატება 1980-იანი წლებიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სამედიცინო ინოვაციები, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერება დაინერგა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ტყუპების დაბადების მაჩვენებლებმა 32%-ით მოიმატა აზიაში და 71%-ით ჩრდილო ამერიკაში.
მკვლევარებმა საკვლევ მასალად 165 ქვეყნის მონაცემები გამოიყენეს. მათ ამ ქვეყნებში 2010-15 წლებში დაბადებული ტყუპების რაოდენობა 1980-85 წლების მონაცემებს შეადარეს.
მედიკოსების აზრით, იმის მიზეზი, რომ ტყუპები სულ უფრო და უფრო ხშირად იბადებიან, თანამედროვე მედიცინაა. რეპროდუქციული მედიცინის განვითარებამ მოიტანა უშვილობასთან ბრძოლის მეთოდების მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერება, საკვერცხეების სტიმულაცია და ინსემინაცია. აღნიშნული მეთოდების გამოყენების შემდეგ დიდია შანსი, რომ ქვეყანას არაიდენტური, ანუ სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან დაბადებული ტყუპები მოევლინონ.
როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებით ბევრი ტყუპი აფრიკასა და აზიაში იბადება. მათზე დაბადებული ტყუპების საერთო რაოდენობის 80% მოდის.