LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს თავზე დაიდგამს და ისე ივლის, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი: ელისაშვილი

74
ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს თავზე დაიდგამს და ისე ივლის, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი”. აღნიშნული განცხადება მან ბათუმის ბულვარში მიმდინარე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხზე საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ “როგორც ჩანს, ბათუმის მერია და საკრებულო ნომინალურია, უმაღლესი საბჭო კი საერთოდ არაფერს აკეთებს”.

ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა საკანონმდებლო ორგანოში ჩაინიშნოს შეხვედრა, სადაც ბათუმის მოსახლეობის პრობლემებს მოისმენენ.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარია, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ არაფრის აშენება არ შეიძლება, არადა, 19 – სართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა ბათუმელები აპროტესტებენ, სამი თვეა მათ ყურს არ უგდებს არავინ. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემენ დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის, არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი. სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და ახლა 19-მდე ავიდა. ასე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ამ კორპუსის სართულიანობა. როგორც ჩანს საკრებულო ნომინალურია, მერია ნომინალურია, უმაღლესი საბჭო საერთოდ არაფერს აკეთებს.

პარლამენტის თავმჯდომარევ, მსურს გთხოვოთ და გადმოგცეთ ჩემიც და ქუჩაში მდგომი ბათუმელების თხოვნაც, რომ ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში დავნიშნოთ შეხვედრა, რომ ადამიანებმა წარმოადგინონ არგუმენტები კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშულის შესახებ. ვინაიდან ძეგლში მშენებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. მოვუსმინოთ ამ ადამიანებს, მათ პრობლემებს. ბათუმი სადღაც გადაკარგულში ხომ არ არის, თითოეული ჩვენგანის წუხილია და თითოეული ჩვენგანის სიამაყეა, სანამ არ დაგვიკარგავს ქალაქი ამ ქაოტური და აღვირახსნილი მშენებლობებით,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკითხს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გამოეხმაურა. “ქართული ოცნების” წევრმა თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ თორნიკე რიჟვაძე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის საჩივარს შეიტანს.

არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო ამ დარბაზში განცხადება, როდესაც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთ წევრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს უწოდებენ მექრთამეს.

ბატონო ალეკო, თქვენ მოგმართავთ. აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ის თუ როგორ იქცევით თქვენ და რა ხდება ბათუმის ბულვარში. თქვენ, როგორც ჩანს, ამბავი იცით, ამბის იქით დეტალებიც იცით, ერთადერთი რაშიც ჩვენ გვაქვს თანხვედრა, არის ის, რომ მეც ზუსტად ვფიქრობ, რომ ის, რაც იქ შენდება, მიუღებელია.

თუ ჩვენ გავიხსენებთ პარლამენტში მოსვლამდე გამონათქვამებს, თქვენ თქვით ასეთი რამ: „პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა „ქართული ოცნებიდან“, ეს ჩვენ ვართ, ძვირფასო კოლეგებო, მუთაქები და „სამოცი მგელი, რომ შევალთ იქ, ნახეთ რას დავატრიალებთო“, ეს ხომ თქვენი სიტყვებია?! ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის მე ვერაფერი შეგატყვეთ. ესე იგი, თქვენ არამცთუ არაკომპეტენტური ხართ, როდესაც თვლით, რომ ერთ დეპუტატს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსი, აქვს რაიმე ტიპის უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე. ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობა და ძალიან დიდი პატივისცემით მე მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს გვერდით მჯდარ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცები დაეკითხოთ ხოლმე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანო, მაგრამ ეს ის ორგანოა, რომელიც სამართლებრივ და კანონის შემოქმედების ფუნქციას ატარებს და ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს პოლიტიკურ-სამართლებრივია.

თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს არ არის კულტურის მომხრეობა, ეს არის უკულტურობა! შესაბამისად, ენა იმისთვის არ მიუცია ადამიანისთვის ღმერთს და მითუმეტეს კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს.

მე მჯერა, რომ ბატონი რიჟვაძე მოძებნის დროს, რომ თქვენს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს ცილისწამებაზე, იმიტომ, რომ თქვენ დანაშაულში ამხილეთ ის. ქრთამის აღება დანაშაულია და თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ამის მტკიცებულება არ გაქვთ, შემდეგ მოგიწევთ ამის უარყოფა,“- განაცხადა წულუკიანმა.

ალეკო ელისაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით, რადიო “ფორტუნა” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრესსამსახურს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

 

magti 5g