საქართველო ნატოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და ნატოს მჭიდრო პარტნიორობა აქვთ – პოლიტიკური და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა.
„ბატონო ირაკლი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კვლავ ბრიუსელში ბრძანდებით. საქართველო ნატოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს – პოლიტიკური და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩვენი ძალები ერთად, გვერდიგვერდ მსახურობენ ავღანეთში და ასწავლიან ადგილობრივ სამხედროებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყანა, ავღანეთი ჩვენი ძალისხმევით არასოდეს აღარ გახდება საერთაშორისო ტერორიზმის ოაზისი. მადლობლები ვართ ამ მიმართულებით საქართველოს მრავალწლიანი ძალისხმევისათვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსი საქართველოსთან ერთობლივი წვრთნებისა და სწავლების გაძლიერებას, ასევე ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით გააგრძელებს.
„ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელ და მომდევნო შეხვედრაზე, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით, როგორც გასულ წელს იყო განახლებული. ეს არის ალიანსის მიერ საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საფუძველი. იგი საქართველოს ეხმარება ალიანსის ძალებთან ეფექტურ თანამშრომლობაში და ნატოში გაწევრიანების მომზადებაში.
გუშინ ნატოს მეორე საზღვაო ჯგუფი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ვიზიტის მიზანია, ჩვენი საზღვაო ძალების თანამშრომლობის უნარის ამაღლება, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების გზით. მე მგონი, ჩვენი ძალების თანამშრომლობა იმის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ პრაქტიკული კუთხით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა