„ნახევრად ირონიულად ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება არა მედიატორი, არამედ მომრიგებელი მოსამართლე ამ ორ სუბიექტს შორის“,-ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ ევროპის საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში მისიის შესაძლო გაგრძელებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, მხოლოდ მედიატორის როლი არ არის საკმარისი. ძაბირაძის თქმითვე, ამ შემთხვევაში საჭიროა უფრო მკვეთრი პოზიციების დაფიქსირება.
„მოლაპარაკების გაგრძელების რესურსი არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია თუ როდის დაიწყება და როგორი იქნება პარტნიორების ფუნქცია მოლაპარაკების პროცესში.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ფასილიტატორი და მედიატორი საკმარისი არ არის, საჭიროა უფრო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება და ნახევრად ირონიულად ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება არა მედიატორი, არამედ მომრიგებელი მოსამართლე ამ ორ სუბიექტს შორის“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი ფიქრობს, უმჯობესია მოლაპარაკებების პროცესი ერთი თვის შემდეგ განახლდეს.
„ხვალ და ზეგ თუ ჩამოვა, ვერ მოხერხდება მიზნის მიღწევა. გარკვეული დრო სჭირდება პოლიტიკურ სპექტრს, რომ ემოციებისგან დაიცალოს და ამის შემდეგ, გარკვეული ძალებით კიდევ მოსინჯოს განწყობები მოსახლეობაში. ვვარაუდობ, რომ კარგი იქნება თუ ეს მოლაპარაკებები ერთი თვის თავზე განახლდება. მგონია, რომ ეს ის დროა, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრი მეტნაკლებად ჩამოყალიბებული იქნება თავიანთი ქმედებების პერსპექტივაში“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ამჯერად შესაძლოა ვაშინგტონი გააქტიურდეს.
„მგონია, რომ უფრო მეტად გააქტიურდება აშშ და ვაშინგტონი. ველოდები, რომ ერთობლივი ძალებით, ვაშინგტონი და ბრიუსელის მხრიდან მოხდება მოლაპარაკებების განხორციელება ამ მიმართულებით“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.