ქართველი ნევროლოგი, ტელემედიცინის ერთ-ერთი მიმდევარი და აშშ-ში მოღვაწე ექიმი, დავით მრელაშვილი ვაქცინაციის შესახებ ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და აღნიშნავს:
„პირადად მე, როგორც ერთმა ექიმმა, კოვიდვირუსით გამოწვეული მეტი თრომბოზული გართულების შესახებ ვიცი, „ასტრაზენეკა“ ვაქცინით მილიონობით აცრილ ადამიანში კი მხოლოდ სავარაუდო შემთხვევებია აღწერილი. ასე რომ, თუ აცრის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა გაიზრდება, რის საფრთხესაც ვხედავ, კოვიდინფიცირების შედეგად უფრო მეტი თრომბოზიანი პაციენტი გვეყოლება, ვიდრე ვაქცინით გამოწვეული სირთულეები…“
დავით მრელაშვილი ამავე ინტერვიუში ასევე დასძენს:
„ვფიქრობ, არსებული მცირე გავრცელების ფონზე, მესამე ტალღა ან არ გვექნება, ან ძალიან მცირე მასშტაბითა და ფორმით იქნება გამოხატული. ვაქცინაციის გარდა, ამას ხელს უწყობს გარემო ფაქტორებიც, ტემპერატურის მატება. ზამთარში ეპიდემიის მართვა უფრო რთულია. ამასთან, მოსახლეობას ნაწილობრივ უკვე გადატანილი გვაქვს, ანუ გარკვეული იმუნიტეტი არსებობს. იმავდროულად, რეგულაციები ბოლომდე არ მოხსნილა. ასე რომ, თუ ძალიან არ ავიწყვიტეთ, ვირუსის კიდევ ერთი აფეთქება ან საერთოდ არ გვემუქრება, ან სუსტი იქნება, ოღონდ აუცილებელია ნიღბის ტარება…“