ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი – 14 და 17 წლის მოზარდია. დაშავებული ერთი ბავშვი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნეკნების მოტეხილობით მოათავსეს, ხოლო მეორე ბავშვს დაჟეჟილობა აღენიშნება და იგი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მოათავსეს.
“სამი პირია დაშავებული. მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოში არიან მოთავსებული”,- აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო ცენტრში.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.