პროფესიით ქიმიკოსი ირმა ფრანგიშვილი 23 წელია, სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. მის ოჯახს სურდა ის ექიმი გამოსულიყო, რადგან გაურკვეველმა დიაგნოზმა და-ძმა ერთ წელიწადში დააკარგვინა. თუმცა, ჩვენმა რესპონდენტმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი განცდები ხელოვნებაში გადმოეტანა და ცხოვრება საბოლოოდ თოჯინებს დაუკავშირა.
მისი ნამუშევრები პოლიმერული თიხისგან მზადდება და განსაკუთრებული ემოციით გამოირჩევა, თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს.
გამორჩეული ნამუშევარი კი მამის პროტოტიპია, რომელიც მისი სნეულებაში ყოფნის დროს გამოძერწა.
,,როდესაც მამას ვუთხარი, რომ პორტრეტული თოჯინა უნდა შემექმნა, გაიცინა და მითხრა ,,ნეტა შენ, დროს რაზე კარგავო’’. რა თქმა უნდა, არ მოვუსმინე და მასთან გატარებული პერიოდი გამოვიყენე. როდესაც დავასრულე და ვაჩვენე, გაოცებისგან და სიხარულისგან აღარ იცოდა, რა ეთქვა. ეს მე ვარ, ეს მე ვარ?! მხოლოდ ამას იმეორებდა.
,,მამისადმი მთელი ჩემი სიყვარული და დამოკიდებულება ამ ნამუშევარში ჩავდე, ამიტომ ყველასგან გამორჩეული და ძალიან ბუნებრივი გამოვიდა”, – ამბობს ირმა.
მისი თქმით, ცხოვრება საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ადამიანებს კი შეგვიძლია თითოეული დღე საკუთარი ხელით გავაფერადოთ.
ირმა ფრანგიშვილს უამრავი ჯილდო და მიღწევაც აქვს. 2019 წელს, თბილისში ზურაბ წერეთლის მუზეუმში თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა საკონკურსო თემით, ,,შანელის შემოქმედება” სადაც სამი გამარჯვებულიდან ერთ-ერთი თავად იყო.