ბათუმის საკრებულოს შენობის შესასვლელში ხმაური იყო – მოქალაქეები და სამართალდამცავები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მათ ბათუმის საკრებულოსთან შეკითხვები ჰქონდათ და სურდათ პასუხი შესაბამისი პირებისგან მიეღოთ, თუმცა, სხდომაზე შესვლა ვერ მოახერხეს.
საკრებულოსთან შეკრებილი მოქალაქეების თქმით, კითხვები მათ ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სასტუმროსთვის, კერძოდ კი, სასტუმრო „ლემერიდიანისთვის“ 15 წლის იჯარით ოთხი ჰექტარი პლაჟის გადაცემასთან დაკავშირებით, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხზე ჰქონდათ.
შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეუერთდნენ და განაცხადეს, რომ საკრებულოს სხდომა საჯაროა და მოქალაქეები მას აუცილებლად უნდა დაესწრონ.
ენმ-ს წევრების თქმით, სხდომაზე მოქალაქეების არდასწრების გამო, მათი უფლებები ირღვევა. ხმაურის გამო, ერთ-ერთი მოქალაქე, სამართალდამცველებმა შენობიდან გაიყვანეს. ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის გამო შეწყდა, შენობაში აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები კვლავ რჩებიან.
მოგვიანებით, ბათუმის ბულვარის სანაპიროზე სასტუმრო „ლემერიდიანისთვის“ ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხი ბათუმის საკრებულომ განსახილველი საკითხების დღის წესრიგიდან ამოიღო. გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რასაც მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სულიკო თებიძის თქმით, საკითხის განხილვა მხოლოდ დროებით, ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე გადაიდო.
„საკრებულომ დღეს საზოგადოების ზეწოლის შედეგად, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ასეთი საკითხები სწორედ საზოგადოების ჩართულობით უნდა წყდებოდეს. მე გადადებას მხარი დავუჭირე და იმედი მაქვს, ასეთი საკითხების განხილვა ასე გაგრძელდება“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ.