LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 კვირაში ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა: ეკატერინე დგებუაძე

68
ეკატერინე დგებუაძე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-სა და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.

როგორც დგებუაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასია გადავიდა, ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი.

რაც შეეხება რისკ ჯგუფში მყოფი მასწავლებლების რაოდენობას, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით სკოლას თავად მიმართეს და შეღავათი გაეწიათ, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 91 პედაგოგი იმყოფება.

“როგორც წესი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, რის შემდეგაც აღნიშნული სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დგებუაძის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვის მატება საგანგაშოა და სამინისტრო თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს – ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ უწყვეტად გაგრძელდება პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ტესტირება. სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ სკოლებში ჯანსაღი გარემო შენარჩუნდეს და სასწავლო პროცესი კვლავ უსაფრთხოდ წარიმართოს,” – განაცხადა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, გარდა იმისა, რომ სამინისტრო სკოლებს ხელს შეუწყობს საჭირო რესურსით აღჭურვაში და შემთხვევით შერჩევის პრინციპით სამინისტროს პირველი პირები, რესურსცენტრები სკოლებში კვლავ სისტემატურ მონიტორინგს განახორციელებენ. ამავდროულად როგორც დგებუაძემ თქვა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ  პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა ტესტირება უწყვეტად გაგრძელდება.

“ფაქტი, რომ სკოლებში ვირუსთან საბრძოლველად ჰიგიენა მაღალ დონეზეა დაცული, სამინისტროს მიერ მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხული სტატისტიკაც ადასტურებს, რომლის თანახმად, სწავლის განახლებიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მინიმალურია. თუმცა, მიმდინარე კვირის მონაცემებით, სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც საგანგაშოა“, – განაცხადა დგებუაძემ და დასძინა, რომ პოზიტიური შედეგების შესანარჩუნებლად, პროტოკოლის მუდმივი შეხსენება და მაქსიმალური ყურადღება აუცილებელია.

პოპულარულები