„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა.
სხდომა 8 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება.
მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, წინასწარ არაა ცნობილი მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე.
“ჩაინიშნა არსებითი სხდომა, წინასწარ არ არის ცნობილი, ამ სასამართლოზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. მას აქვს ამის ვალდებულება 2 თვეში ერთხელ და არაუგვიანეს 17 აპრილისა უნდა მოხდეს.
ვინაიდან პირველი სხდომაა, გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, ნიკა მელიას მიეცეს უფლება, დაესწროს სასამართლოს”, – ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
23 თებერვალს ნიკა მელია დააკავეს.