LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღმართზე ქალი მირბოდა, ყველა გზა ჩაკეტილი იყო, დაჩოქილი ევედრებოდა სამხედროებს „შვილთან გამიშვით…“ ის ქალი დედაჩემი იყო – ნინო მეუნარგია

1757
8989

1989 წლის 9 აპრილის მონაწილე, ჟურნალისტი ნინო მეუნარგია 32 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს. დღევანდელი დღე ცხრა აპრილის თაობისთვის მძიმე გასახსენებელია, მაგრამ მაინც სიამაყით აღნიშნავს ყველა, რომ ჯალათს, რომელსაც სიკვდილი ერქვა, ერთ მუშტად შეკრული შევხვდით.

ნინო მეუნარგიას სტატუსს “ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

#დიდება გმირებს!

#მადლობა თავისუფლებისთვის!

ჩვენ 9 აპრილის თაობა ვართ❤️

რას ვგრძნობ 32 წლის შემდეგ?

9 აპრილის გამთენიას, ისევ ის გულანთებული გოგო ვარ, რომელიც მზად არის გაიქცეს და დადგეს იქ, სადაც სამშობლოს, ერთმანეთის სიყვარულია❤️

ვრცელი პოსტების წერა არ მიყვარს, მაგრამ ეს ის განსაკუთრებული დღეა, როცა მინდა ვწერო დაუსრულებლად.

როცა ბრძანება ჩახოცვაა, გადარჩენის გზა, მხოლოდ ერთმანეთისთვის თავგანწირვაა. ერთ მუშტად შეკრულები დავხვდით ჯალათს, რომელსაც სიკვდილი ერქვა.

რუსთაველის თეატრის კარები კახი კავსაძემ გაგვიღო.

მანამდე?

მანამდე

სიმღერით შევეგებეთ მტერს. პატრიარქის მოწოდების შემდეგ, უკვე ვხვდებოდით, რა გველოდა.

ჩვენი პასუხი იყო-არა!

ბრძანება გაიცა-ალყაში მოქცევა და ჩახოცვა! პირველი სკოლის ასახვევთან ვიდექით ხელჩაკიდებულები. ტანკები დაიძრნენ. კბილებამდე შეიარაღებული მკვლელების წინაშე პირისპირ აღმოვჩნდით. საშინელი ხმა და სანახაობა იყო. ფარებზე ხელკეტების დარტყმის შემზარავი ექო, ტანკების გუგუნი, ღამის წყვდიადში ალესილი ნიჩბების ანარეკლი.

ბიჭებმა მეორე ხაზში გადმოგვანაცვლეს.

მახსოვს ყვირილის ხმა: ხელი არ გაგვიშვათ,თავები დახარეთ.

თითოეული მათგანი გმირია.

ჩემო უფროსო ძამიკო, მამუკა საყვარელიძე, არასდროს დამავიწყდება შენი ბრძოლის ჟინით ანთებული თვალები და შენი სიტყვები:

„ქამარზე მომეჭიდე და არ გამიშვა ხელი, არ შეგეშინდეს”.

როგორც ყველა, შენც შიშველი ხელებით გვიცავდი ალესილი ნიჩბებისგან.

შენც 9 აპრილის ისეთივე გმირი ხარ, როგორც თითოეული.
ვიცი, გამიბრაზდებოდი, რომ წაგეკითხა, მეტყოდი:

„რა გმირიო, რას წერ ჩემზეო. მე ხომ ერთი თბილისელი ბიჭი ვარო”❤️

ეს ბიჭები და გოგოები სამშობლოს სიყვარულით ანთებულები, თავგანწირვით ვიბრძოდით

და იმ წამს, როცა მივხვდით, რომ განწირულები ვიყავით, მეგობრებმა ერთმანეთს ვუთხარით: „სიცოცხლეც ამად ღირდა, სიკვდილიც ამად ღირს. მომავლისთვის, საქართველოსთვის”.

ნელ-ნელა ვკარგავდით ერთმანეთს.

პირველი სკოლისკენ დაღმართზე ქალი მირბოდა ყვირილით “შვილთან გამიშვით”… შვილისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილი იყო. დაჩოქილი ევედრებოდა სამხედროებს. ის ქალი დედაჩემი იყო❤️

სპორტსმენებმა და პოლიციელებმა ხელჩართულ ბრძოლაში გაარღვიეს ჩაკეტილი წრე და გზა გაგვიხსნეს. მადლობა ვაჟკაცებს. მათი თავგანწირვა უპრეცედენტო იყო. თქვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გმირები ხართ.

გაიხსნა სიცოცხლის კორიდორი, გაისმა ყვირილი: გაიქეცით.

რუსთაველის თეატრის კარები კახი კავსაძემ გაგვიღო. ვინც მოვასწარით, შევცვივდით და კარებიც ჩაირაზა. სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა.

მადლობა ბ-ნ კახის. ადამიანია, რომელმაც არ მიგვატოვა ახალგაზრდები, იმ ჯოჯოხეთში სამოთხის კარი გაგვიღო და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა.

დიახ, ეს გმირობაა. მადლობა სიცოცხლისთვის.

გარიჟრაჟდა.

დასრულდა ჩვენი დიდგორი. საბჭოთა ჯარების ნაწილმა დაიკავა რუსთაველი. სამხედროების კონტროლ ქვეშ იყო ყველაფერი. კომენდანტის საათი დაიწყო.

ფეხშიშველი გავუყევი რუსთაველს სოლოლაკისკენ. ენით აუწერელი შეგრძნება მქონდა. ბრძოლის ველს ვტოვებდით. იმ წუთებში ვერ ვათვითცნობიერებდი, ეს ბრძოლა მოგებული, თუ წაგებული იყო.

იყო დიდი ტკივილი.

სიკვდილის ფასად მოპოვებული თავისუფლება. ამქვეყნად ყველაზე დიდი მონაპოვარი.

ცრემლები მახრჩობს, თან ამაყი ვარ. ემოციის გარეშე რთულია 9 აპრილის გახსენება.
ერთმანეთის სიყვარული გვაძლიერებდა. ეს უნდა გადაიტანო, რომ დააფასო შენი მოყვასი.

საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი, სამშობლოს, ერთმანეთის სიყვარულის, გატანის, გმირობის უპრეცენდენტო მაგალითია.

9 აპრილი ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

დიდება გმირებს!!!“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g