„ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ არიან პრიორიტეტები,“ – ეს სიტყვები სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, ეკუთვნის. პოლიტიკოსები საკუთარ გამოსვლაში ხშირად საუბრობენ მომავალ თაობაზე და ამბობენ, რომ ნაბიჯები რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იდგმევა, მომავალში მათ კეთილდღეობაზე აისახება.
გვინახავს პოსტერებიც წინასაარჩევნოდ, სადაც პოლიტიკოსები ბავშვებთან ერთად არიან გამოსახულნი, თუმცა, მნიშვნელოვანია, რა კეთდება დღეს არასრულწლოვებისთვის.
51-ე სკოლაში მომდარ ტრაგედიას რომ უდავოდ გარკვეული პრეისტორია ჰქონდა, რომლის საგანგაშოობა გარშემომყოფებმა ვერ შეაფასეს და გამოეპარათ, ამაზე საზოგადოება თანხმდება, თუმცა, იგივე საზოგადოება რიგ შემთხვევაში მოძალადის ლინჩის წესით გასამართლებას, რიგ შემთხვევებში კი არასრულწლვანთა მართლმსაჯულების გამკაცრების საჭიროებას ხედავს. თუმცა, გვავიწყდება, რომ მსხვერპლიც და მოძალადეც ამავე საზოგადოების, ქვეყნის ნაწილია, რომელშიც, როგორც მაია ცირამუამ ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, „იყო ე.წ. “ქართული მარში”, ამ ქვეყანაში აწამებდნენ ადამიანებს, ამ ქვეყანაში შემდეგ ამ წამების კადრებს აჩვენებდნენ მოსწავლეებს, ამ ქვეყანაში ძალადობენ ოჯახში ბავშვებზე, ამ ქვეყანაში კლავენ ქალებს მამაკაცები და ამას მაინცდამაინც დიდი დამცავი მექანიზმები არ აქვს.“
მომხდარი მხოლოდ კონკრეტული ოჯახის, ან სკოლის პრობლემაზე კი არა, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიუთითებს, სადაც საზოგადოება, მათ შორის არასრულწლოვნები, ძალადობას ხედავენ ოჯახებში, ქუჩაში, საპარლამენტო დარბაზში, ტაბურეტკებიან სამღვდელოებაში.
რატომ მიდის საქმე დანაშაულამდე და შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია, სად უშვებს შეცდომას ოჯახი, სკოლა, სამართალდამცავი სტრუქტურა და მთლიანად სახელმწიფო, ამ საკითხებზე “ფორტუნასთან” არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, ანა არგანაშვილმა, ისაუბრა.
ანა არგანაშვილი: ბავშვთა შესახებ კვლევებში დაფიქსირებულია, რომ სანამ ანტისოციალური ქცევა წარმოიშვება, სანამ დანაშაულამდე მივალთ, ამას ყოველთვის წინ უძღვის ბულინგი, ჩაგვრა, ბავშვთან კომუნიკაციის გაწყვეტა, ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფადა ა. შ.
ამ ეჭვს, რომ მომხდარს ჰქონდა პრეისტორია, აქვს თავისი საფუძველი, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადასუროს. ეს შემთხვევა სისტემურად უნდა განვიხილოთ, ერთია, რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ინდივიდებს და დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ადეკვატურად დააკისრებს მათ პასუხისმგებლობას, მაგრამ მეორეა ის სისტემური ხარვეზი, რაც ჩვენ დავინახეთ.
კერძოდ, წლების განმავლობაში სკოლაში იყო ძალიან მაღალი ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბულინგის ფონი, მაგრამ ამაზე სახელმწიფოს რეაგირება არ ჰქონდა. სისტემური მიზეზი თუ არ მოგვარდა, ჩვენ ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ ვართ, რომ ბულინგი და ძალადობა დანაშაულში გადაიზრდება.
- რეფერირების პროცედურის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო, შსს და განათლების სამინისტრო უნდა ზრუნავდნენ ამაზე, რეალურად არის თუ არა ამ უწყებებს შორის კომუნიკაცია? ვიცით, რომ მასწავლებელს, რომელიც ხედავს, რომ სკოლაში ბულინგს აქვს ადგილი, ან თუნდაც ოჯახში ხორციელდება ძალადობა და ამის ნიშნები გვაქვს სახეზე, აქვს ვალდებულება, შეატყობინოს დასახელებულ უწყებებს, რეალურად ხდება თუ არა მსგავსი კომუნიკაცია?
ანა არგანაშვილი: არაერთხელ გვითქვამს, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, რომ კოორდინაცია უწყებებს შორის არ არსებობს. უფრო მეტიც, უწყებები ერთმანეთის მუშაობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, მათი სტატისტიკაც კი არ ემთხვევა ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბულინგის შესახებ. როგორც ომბუდსმენის ბოლო კვლევამ გამოავლინა, მასწავლებლებს ძალიან დაბალი ცნობიერება აქვთ ძალადობის და ბულინგის საკითხებზე. სრულმა უმრავლესობამ არ იცის, რომ კანონით ვალდებულება ეკისრებათ ამოიცნონ და შემდეგ გადამისამართება გააკეთონ. ასევე, კანონით ვალდებულნი არიან სააღმზრდელო და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაატარონ. რეალურად განათლების, ჯანდაცვის და შს სამინისტროები არ თანამშრომლობენ ამ საკითხებზე, სწორედ ამიტომ შექმნეს უწყებათაშორისი კომისია ახლა, მაგრამ ეს უნდა შემქნილიყო ბევრი წლის წინ.
- როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბულინგის შესახებ მასწავლებლებს არ აქვთ სათანადო ცოდნა, საინტერესოა, რამდენად არის მასწავლებლის ტრენინგებში ეს საკითხი შეტანილი?
ანა არგანაშვილი: ტრენინგები შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი კომპონენტი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და არა ერთადერთი. სწორედ ამაშია პრობლემა, რომ განათლების სამინისტროს აქამდე ჰქონდა არასავალდებულო ტრენინგები მასწავლებლებისთვის, ხოლო ტრენინგების შემდეგ არ ამოწმებდნენ, რეალურად შეიცვალა თუ არა სკოლებში სიტუაცია. შემდგომი ზედამხედვლეობა არ ხდებოდა. ამას გარდა, ტრენინგი არ არის არანაირად საკმარისი, სკოლაში უნდა იყოს წრეები, მოქმედებდეს შიდა პროტოკოლი, ბავშვების ურთიერთდახმარების ჯგუფები უნდა იყოს, საგანმანათლებლო კურსებში უნდა იყოს ინტეგრირებული ძალადობის და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე, კანონის გაცნობაა საჭირო ბავშვებისთვის.
სამოქალაქო განათლება ჯერ კიდევ სუსტია სკოლებში და არა მხოლოდ ბავშვებისთვისაა სუსტი, მასწავლებლებსაც, სამწუხაროდ, კანონის უზენაესობისა და საკანონდმდებლო ნორმების შესახებ დაბალი ცნობიერება აქვთ. გარდა ამისა, ბევრი მათგანი ამბობს, რომ დღევანდელი დატვირთვის პირობებში არ ეძლევათ საშუალება, რომ ამ საკითხებისთვის ჰქონდეთ დრო, მათი დატვირთვა განისაზღვრება საგაკვეთილო პროცესით, როცა საჭიროა ჰქონდეთ დრო ბავშვებთან სხვა ტიპის კომუნიკაციისთვის. ესეც უნდა იყოს ბიუჯეტირებული. ბულინგის აღმოსაფხვრელად აქტივობების წილი დაფინანსებაში უნდა იყოს განსაზღვრული.
ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ ბავშვების დრო არის დაუკავებელი, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ მათი დრო ცარიელია, არა აქვთ სპორტულ, სახელოვნებო, არაფორმალური განათლების აქტივობებში მონაწილეობის საშუალება. მაგალითად, აშშ-ში აქტიურად არის გავრცელებული ბავშვების მონაწილეობა თემის, იმ უბნის განვითარებაში, სადაც ცხოვრობენ, ხანდაზმულების დახმარება, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა მოხალისეობრივ საწყისებზე, ეკოლოგიაზე მუშაობა. უამრავი საქმიანობაა განსაზღვრული ბავშვებისთვის, რომ არ დარჩეთ ისეთი თავისუფალი დრო, რომელიც ანტისოციალურ ქცევად გარდაიქმნება, მე არ ვგულისხმობ, რომ ბავშვს თამაშის და გართობის უფლება უნდა შევუზღუდოთ, მაგრამ ესეც უნდა იყოს ორგანიზებული და არ უნდა იყოს ბავშვზე შეტოვებული, ის მოიფიქრებს თუ არა გართობის სწორ ფორმას, რომელიც ძალადობის შემცველი არ იქნება.
ამის გარდა, პრობლემაა, რომ დღეს ოჯახებთან არავინ მუშაობს. როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა, თუ ბავშვი ავლენს ანტისოციალურ ქცევას ან აქვს რისკი ამ ქცევის განვითარებისა, ეს მათთვის არავის უსწავლებია. განათლების სამინისტრო უნდა მუშაობდეს ამაზე, გვაქვს პირდაპირ შესაბამისი ჩანაწერი, რომ სკოლა მშობლებთან კომუნიკაციის გარეშე ვერ უნდა ფუნქციონირებდეს. ბავშვი, მასწავლებელი და ოჯახი არის სამკუთხედი, მაგრამ ოჯახი გათიშულია, ძალიან ხშირად გათიშულია ბავშვიც. ბავშვი აღქმულია, როგორც ობიექტი, რომელსაც მხოლოდ უნდა მიაწოდო, მისი აზრი არ არის მოსმენილი, გათვალისწინებული. თუნდაც, ამ დღეებში, ყველა ვსაუბრობდით ბავშვებზე ბავშვების გარდა, მათთვის არავის უკითხავს, როგორ არიან სკოლაში, რას გრძნობენ, ანუ ისევ მათი იზოლაცია ხდება.
- როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბავშვების საკითხები არ არის პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, ამაში მშობლების როლი როგორია, აყენებენ კი მშობლები ამ მოთხოვნებს? რამდენად აქვთ ზოგადად მშობლებს ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ? სახელმწიფო მეტ-ნაკლებად მუშაობას იწყებს იმ პრობლემებზე, რომელზეც მოთხოვნა ჩნდება, რეალურად საზოაგადოებაშიც, მშობლებშიც ხომ არ არის პრობლემა, რის გამოც ბავშვთა საკითხები არაპრიორიტეტულია შემდეგ უკვე სახელმწიფოსთვის?
ანა არგანაშვილი: კი, ნამდვილად ასეა. მშობლები უნდა აქტიურობდნენ და ითხოვდნენ ამ ყველაფრის განხორციელებას, მაგრამ მშობლები მაშინაც კი, როცა, მაგალითად, სკოლის თვითმმართველობის, სამეურვეო საბჭოს ან დისციპლინური კომიტეტის წევრები არიან, ამ უფლებას აქტიურად არ იყენებენ. მაგალითისთვის, როცა ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგი და სახელმწიფო არ უზრუნველყოფს, ეს ბავშვის უფლების დარღვევაა და მშობელმა უნდა გაასაჩივროს. ეს ხშირ შემთხვევაში არ იციან და მეორე, სამწუხაროდ, ოჯახებში არის ცნობიერება, რომ, თუ პასიურები იქნებიან და დაექვემდებარებიან შემოთავაზებულ დღის წესრიგს, შეექმნებათ ნაკლები პრობლემა. ძალიან ბევრმა მშობელმა, რომელმაც იაქტიურა, შემდგომში განაცხადა, რომ ამის გამო, მისი შვილი კიდევ უფრო დაისაჯა, გაირიყა. ვინც სამართალს ვერ მიაღწია, მათ საბრძოლველად მოტივაცია დაკარგეს. ამიტომ ის მშობლები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ბავშვის უფლებების დამცველები არიან, არ უნდა შეეგუონ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის უფლებების ნაკლებ პრიორიტეტულად წარმოჩენას.
უმეტესობა ვართ მშობლები, მათ შორის ჟურნალისტები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, მაგრამ როცა ჩვენთვის ხდება ცნობილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შესახებ, ან მთავრობის გეგმის შესახებ, თუნდაც, არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ არც ერთი მშობელი, არც ერთი ჩვენგანი არ სვამს კითხვას, კი მაგრამ თუ ყველა რეფორმა ბავშვებზე არ არის ორიენტირებული, მაშინ რანაირად შეგვიძლია ხვალინდელი დღის იმედი გვქონდეს? მაგალითად, ევროპის ბევრ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო რეფორმა, გააზრებული და დაგეგმილია იმის მიხედვით, თუ,რას მოუტანს ბავშვებს. როგორ აისახება ეს რეფორმა ბავშვებზე დღეს და მომავალში. შეიძლება, გვეგონოს, რომ ეკონომიკის, ან სპორტის სფეროში რეფორმა არ არის კავშირში ბავშვთა უფლებებთან, მაგრამ რეალურად ყველაფერი კავშირშია და მათზე ახდენს ზეგავლენას. ამიტომ სახელმწიფომ ბავშვთა უფლებები არა მხოლოდ იზოლირებულად უნდა განიხილოს, არამედ გამჭოლად, ყველა მიმდინარე პროცესში და რეფორმაში დაითვალოს და გაანალიზოს, რა გავლენას მოახდენს ეს ბავშვებში.
- მას შემდეგ რაც ეს ფაქტი მოხდა, საზოგადოებაში გაჩნდა მოთხოვნა კანონმდებლობის გამკაცრების…
ანა არგანაშვილი: ეს მოთხოვნა არ არის დაფუძნებული ინფორმაციაზე. თუ ადამიანმა არ იცის, როგორი კანონმდებლობა გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, რა თქმა უნდა, შეიძლება, დაუსაბუთებელი მოთხოვნები გვქონდეს. პირიქით არის საქმე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში კარგი კანონმდებლობა გვაქვს, ერთ-ერთი სამაგალითო ძალიან ბევრი ქვეყნისთვის და გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტისთვის, მაგრამ პრობლემა ამ და სხვა კანონების აღსრულებაშია.
- რა პრობლემებია აღსრულების მიმართულებით?
ანა არგანაშვილი: ჩვენ კანონმდებლობა გვაკისრებს პრევენციის განხორციელების ვალდებულებას. არასრულწლოვანთა დანაშაულების პრევენცია უნდა განხორციელდეს 3 დონეზე – ბავშვებისათვის, დღემდე რომელთაც არ შექმნიათ კანონთან კონფლიქტი, ბავშვებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ რისკ-ფაქტორების იმისა, რომ მომავალში შეექმნათ კანონთან კონფლიქტი, ბავშვებისათვის, რომელთაც უკვე შეექმნათ კანონთან კონფლიქტი და აქვთ განმეორების ანუ რეციდივის საფრთხე. მაგალითად, პრევენცია თუ არ განხორციელდა, მას შემდეგ რაც ბავშვთან დაფიქსირდა ანტისოციალური ქცევა, მოხვდა სისტემაში, ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ სრულდება. მაგალითად, ჯანდაცვის და განათლების სამინისტრო სწორედ უნდა იცავდეს ბავშვს იმისგან, რომ, თუ ბავშვის ქცევაში გარკვეული რისკები იკვეთება, ეს შემცირდეს, რომ ბავშვი არ მოხვდეს მართლმსაჯულების სისტემაში როგორც ბრალდებული. მაგალითად, ბევრი 14 წლამდე ბავშვი, რომელიც ავლენს გარკვეულ ანტისოციალურ ქცევას, ხშირად საჭიროებენ გარკვეული სახის მხარდაჭერას, ფსიქოლოგის კონსულტაციას, სხვადასხვა სერვისებში ჩართვას და სოციალური მუშაკის დახმარებას. იმისათვის, რომ 14 წლის მიღწევის შემდეგ, კანონთან კონფლიქტი არ შეექმნათ. ამ მიმართულებით არის სრული პასიურობა. ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს არც ერთი სპეციალური პროგრამა, რომელიც ანტისოციალური ქცევის კორექციაზე იქნებოდა ორიენტირებული, მაშინ საიდან გვაქვს მოლოდინი, რომ ბავშვები რომლებიც არიან რისკ-ჯგუფებში კანონთან კონფლიქტში არ იქნებიან.
- განვითარებულ ქვეყნებში რა პროგრამები არსებობს ამ მიმართულებით?
ანა არგანაშვილი: პირველ რიგში, ეს არის ოჯახთან მუშაობა, საგანმანათლებლო და ოჯახის გაძლიერების პროგრამები, ოჯახებს ასწავლიან იმ ნიშნების ამოცნობას, რა დროსაც უნდა მიხვდნენ, რომ ბავშვს დახმარება ესაჭიროება, რომ ანტისოციალური ან ძალადობრივი ქცევა არ წარმოიშვას. ამ ნიშნების გაჩენის შემთხვევაში სწორ მოქმედებას ასწავლიან. სკოლაში პროგრამებია სპეციალური, ასევე სკოლის შემდგომი, სათემო პროგრამები. ძალიან ბევრი რამ ხდება ყველა თემში, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი თემის ცხოვრებაში, საკუთარი როლი აქვთ გააზრებული, მომავლის მიზნები ჩამოყალიბებული.
თაკო ივანიაძე