LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება ცდილობს აიძულოს ნიკა მელია უარი თქვას მის პრინციპებზე და კომპრომისი ღირსებაზე გააკეთოს: ნიკა მელიას ადვოკატი

74
გიორგი კონდახიშვილი

“ხვალ იქნება, ერთი კვირის, თუ ერთი თვის შემდეგ,  ნიკა მელია  სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავაწეული დატოვებს და ხელისუფლებას  წინაპირობების და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე მისი გათავისუფლება მოუწევს,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელია ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ხელისუფლება ცდილობს აიძულოს ნიკა მელია უარი თქვას მის პრინციპებზე და გააკეთოს კომპრომისი ღირსებაზე, თუმცა, ადვოკატის სიტყვებით, “ეტყობა მათ ნიკა კარგად ვერ გაიცნეს.”

რაც შეეხება ამნისტიის კანონს, როგორც მელიას ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, ნიკა მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით საჯაროდ ცნობილია. როგორც კონდახიშვილმა თქვა, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის ისეთი განმარტება, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები და ისინი, ვინც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ერთ პლატფორმაში იყვნენ განხილული.

“თუმცა რა სამართლებრივ ინსტრუმენტს აირჩევს ხელისუფლება ეს მათი გადასაწყვეტია. მელიას პოზიცია ამის შესახებ საჯაროდაა ცნობილი“, – დასძინა კონდახიშვილმა.

მისი თქმით, ნიკა მელია ამ ბრძოლაში  გაცნობიერებულად შევიდა და მის მიერ გამოსასყიდზე უარის თქმა, ეს მისი ახირება არ არის.

“ეს არის ბრძოლის აქტი უსამართლობის წინააღმდეგ და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მელია კომპრომისზე ღირსებისა და იმ მოქალაქეების თავისუფლების ხარჯზე წავა, ვინც ამ ქვეყნის საუკეთესო ხვალინდელი დღისთვის ყველაფერი ჩადეს,” – აღნიშნა მელიას ადვოკატმა.

 

magti 5g