მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება ექთნის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებას ამუშავებს.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია, რატომ ადგას გამოძიება ამ ვერსიას.
“როდესაც საქმის მასალები გადმოგვეცა, ამ მასალებში ნამდვილად ჩანს, რომ აფთიაქებში მიდიან გამომძიებლები და აფთიაქში მომუშავე პირებს ეკითხებიან მეგი ბაქრაძე ხომ არ იყო შემოსული, რაზეც მათი პასუხი არის, რომ ეს პიროვნება მხოლოდ ტელევიზორში ნახეს და არ ახსოვთ. საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გამოძიებას მიანიშნებდა ამ მედიკამენტების მიმართ.
საუბარია არა მედიკამენტების კატეგორიაზე, არამედ კონკრეტულ მედიკამენტზე. აფთიაქებში რომ მიდიან, ერთ კონკრეტულ მედიკამენტს კითხულობენ, ხომ არ გაყიდულა წინა დღეებში. მოწმეები ამ მედიკამენტს საერთოდ არ ახსენებენ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს და არ ვიცით, სისხლში თუ არის ამ წამლის შემადგენლობა.
ამასთან, მეგი ბაქრაძის ბარათით, რომლითაც შესაძლოა, გადაეხადა თანხა, არ ფიქსირდება, რომ მედიკამენტი აქვს ნაყიდი. ერთადერთი ვერსია არის ოჯახის ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღით ადრე რაღაც კვლევა ჩაუტარდა მას კლინიკაში და შემდგომ მისცეს აბი. კლინიკაში აცხადებენ, რომ არანაირი აბი მეგისთვის არ მიუციათ და არ არიან ინფორმირებულები არც კვლევაზე. რანაირად მივიდა გამოძიება ორსულობის საწინააღმდეგო აბების მოძიებასთან, რამ მიუთითა გამოძიებას ამაზე და რატომ ეძებს კონკრეტულ წამალს, ეს არის უმნიშვნელოვანესი კითხვები, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა ვახტანგ ბარამაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“.