“ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე და სისტემატიურობა, საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს, რომ ყველამ გააცნობიეროს – ვლადიმერ პუტინის რუსეთი არ არის სტანდარტული საერთაშორისო პარტნიორი,” – აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა და ამბობს, რომ მისი აზრით, რუსეთის რეჟიმი ვერ გაიგებს დიპლომატიურ ენას, სანამ მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგების წინაშე არ დადგება.
ვერა იუროვა ერთ-ერთია იმ ევროპელი მაღალჩინოსნებიდან, რომლებსაც რუსეთმა კვირას სანქციები დაუწესა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთის პოლიტიკაზე ვრცლად ისაუბრა POLITIKO-სთან და აღნიშნა, რომ კრემლი ევროპაში უნდობლობისა და განხეთქილების დათესვას ცდილობს.
“არ ვფიქრობ, რომ კრემლის ამჟამინდელი რეჟიმი გაიგებს დიპლომატიურ ენას, სანამ მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგების წინაშე არ დადგება. დღევანდელ რუსეთში ყველაფერი რეჟიმს უკავშირდება. არ არსებობს “მხოლოდ ეკონომიკური”პროექტები, ყველაფერი პოლიტიკურია და ჩვენ განცხადებებთან ერთად საკითხს უნდა მივყვეთ კონკრეტული მოქმედებებით, რომლებსაც გავლენა ექნება.” – თქვა ვერა იუროვამ.
ჩეხმა პოლიტიკოსმა, რომელიც არის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში და რომელიც ხელმძღვანელობდა ევროკავშირის კამპანიას რუსეთისა და ჩინეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ, გამოცემასთან განიხილა რუსული პრესის თავისუფლებისა და დეზინფორმაციის ტაქტიკა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს.
რუსეთულ პოლიტიკაზე საუბრის დროს იუროვამ გაიხსენა დიდ ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის მცდელობა 2018 წელს; ვრბეტიცეს საქმე, რომელიც 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარ აფეთქებას უკავშრდება და რომელშიც პრაღა რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშუალებს და ასევე 2014 წელს, უკრაინაში მალაიზიური ავიალაინერის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ნიდერლანდების მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში.