მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19 -ის პანდემიამ სარგებელს მიიღებენ 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას აღნიშნული ფირმების დახმარების პროგრამების გაფართოებითა და გაძლიერებით, ასევე საქართველოს ეკონომიკის დიგიტალიზაციის წახალისებით.
„დახმარების ამ უახლესი პაკეტის საშუალებით მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ მდგრადი აღდგენის მიმართულებით“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
მისივე განმარტებით, „აღნიშნული გულისხმობს ფირმების დახმარებას დაფინანსებასთან წვდომის გამარტივებაში და საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენებას.“
პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6,000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის, ასევე აამაღლებს პროდუქტიული აქტივების შენარჩუნების შესაძლებლობებს და ფირმებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებაში.
„გლობალურმა პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასე რომ მათი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისევე როგორც ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,“ – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, ეს პროექტი ქართველი ხალხის დასახმარებლად მსოფლიო ბანკის ფართო მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მესამე საკრედიტო ოპერაციაა, რომელიც მიმართულია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შერბილებისკენ.