დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის სპეციალურ ვებგვერდზე რამდენიმესაათიანი ტექნიკური შეფერხება იმით იყო გამოწვეული, რომ ასაცრელად ერთდროულად 800 000 ადამიანი ცდილობდა რეგისტრაციის გავლას, რასაც პორტალმა ვერ გაუძლო. აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას გააკეთა.
„ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია, რამ გამოიწვია, ერთ-ერთი ვერსიაა, რომ 12 მაისს საღამოს 8 საათზე, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია მეორე დოზაზე Sinopharm-ის და ასევე, დაიწია 10 წლით AstraZeneca-ს ასაკმა და გაიხსნა მასზეც რეგისტრაცია, როგორც ჩვენი საინფორმაციო სამსახურები, IT სამსახურები გვეუბნებიან, იყო ძალიან დიდი ტრაფიკი, ანუ სადღაც 800 000-მდე შემოსვლის მცდელობა და ეს იყო, რომ სისტემამ ვერ გაუძლო ამას, შესაბამისად მოხდა ეს ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც საკმაო დრო დასჭირდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.