საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა პანდემიის პერიოდში რამდენიმე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ეს აღიარებებია:
✔ 2020 წელს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს (მადათაფას და ბუღდაშენის ტბები), რამსარის კონვენციის სამდივნოს მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა. კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები ამ სტატუსს ფლობს 1996 წლიდან;
✔ მტირალას ეროვნული პარკი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი დაჯილდოების World Travel Awards გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020”;
✔ 2020 წელს „Welcome to Georgia“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში, ნომინაციაში „წლის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“ გაიმარჯვა ბორჯომ-ხარაგაულის და თუშეთის ეროვნულმა პარკებმა;
✔ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მალაიზიის მთავრობასთან ველური ბუნების დაცვისა და კონსერვაციის საკითხებში, 2020 წელს;
✔ ვაშლოვანის ეროვნულ პარკს ევროპის საბჭოს მიერ 2015 წელს, 5 წლის ვადით მინიჭებული ”ევროპული დიპლომი”, 10 წლით გაუხანგრძლივდა;
✔ IUCN დადებითად აფასებს “კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების” ნომინაციას და რეკომენდაციას უწევს ნომინირებული საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის (კოლხეთის და მტირალას ეროვნული პარკები, ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიები) UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას. UNESCO-მ აღნიშნული საკითხის განხილვა, პანდემიის გამო გადადო და 2021 წლის ივლისში აქვს ჩანიშნული;
✔ მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს დაცული ტერიტორიების IUCN „მწვანე ნუსხაში“ კანდიდატი საიტის წარდგენის თაობაზე.