„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები 16:00 საათიდან მსვლელობას და პიკეტს გეგმავენ. გეგმების შესახებ 24 მაისს, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა და თქვა, რომ „რიონის ხეობის“ მცველებს აღარ რჩებათ სივრცე იყვნენ კიდევ იმავე პოზიციაში, რომელშიც 209 დღის განმავლობაში იყვნენ.
გოლეთიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მცველები გადავლენ ქმედების ისეთ ფორმებზე, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, შეცვალოს თავისი არასწორი დამოკიდებულება და პოზიცია.
„25 მაისს, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე, ვიდრე მივაღწევთ შედეგს. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, ჩვენ უკვე 210-ე დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს.
25 მაისს, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით თუნდაც ამ მოედანზე, დავიძრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელიც გავაჟღერეთ არაერთგზის”, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა 24 მაისის აქციაზე.